წარმოდგენა და რეალობა პანკისზე



“ერთი რამე შემინიშნავს,მაგრამ ჩუმად გეტყვით ყურში: ჩვენში თურმე ბევრი არის კაჭკაჭი და თუთიყუში”. 

როგორც აკაკი წერეთელმა თქვა, ჩვენში ბევრია კაჭკაჭი და თუთიყუში. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მივხვდი თუ როგორი წარმოდგენა აქვთ პანკისზე და ადგილობრივ ქისტებზე. როგორ იმეორებენ რასაც ეკრანებზე ხედავენ და სოციალურ ქსელებში კითხულობენ. 

ჰგონიათ,რომ პანკისში ქალებს ჩაგრავენ და ამბობენ, რომ თავსაბურავიც ამის დასტურია. ხოლო წვერებიანი კაცების ეშინიათ, " ტერორისტები" ჰგონიათ. მეკითხებოდნენ მართალა სწავლა გვეკრძალება თუ არა ქალებს. მე, ქისტი, უნივერსიტეტში სასწავლებლად წასული მათ წინ ვდგავარ და ამას მეკითხებიან. ჩემსავით იქ ბევრი ქისტი სწავლობდა. ეს ხომ ფაქტია,თუ რაზე დაყრდნობით ლაპარაკობს ხალხი. ეს ის შემთხვევაა როცა აღიარება გვიჭირს და თვალს ვხუჭავთ რეალობაზე. ჰქონდათ კითხვები: რა მოხდება თუ თავსაბურავს მოვიხსნი ან რელიგიაზე უარს ვიტყვი. ალბათ ეგონათ ან მომკლავდნენ ან ცოცხლად დამმარხავდნენ. ისეთი კითხვები ჰქონდათ, ხოლმე ტირილი მინდოდა... ნუთუ, მართალა ასე ფიქრობენ-მეთქი. მივხვდი თუ რამხელა ძალა აქვს ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და სტიგმას. უნივერსიტეტში, როცა თემას გვაძლევდენენ დასაწერად, ყოველთვის ვწერდი მუსლიმებზე,ქისტებზე, ისლამზე, ქალებზე. მინდოდა დამემსხვრია ის უარყოფითი წარმოდგენები, რაც ჰქონდათ პანკისზე. 

ეს სიმართლეა. დიახ, დღესაც აქვთ ასეთი წამოდგენა. დღესაც ზუსტად იგივე ხდება,რაც ხდებოდა ჩემს ბავშვობაში. მახსოვს ბიძაჩემთან თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს ახლობლები, როგორ ურეკავდნენ.ტელეფონი არ ჩერდებოდა. გაგიჟებულები ურეკავდნენ სად წახვედითო, ნუთუ სიცოცხლე მოგბზერდათო. 

ბავშვი ვიყავი ისეთი კითხვები მიტრიალებდა თავში ვფიქრობდი რა არის ეს პანკისი ბოლოს და ბოლოს. ვერ ხვდებოდი რატომ ჰქონდათ ასეთი წარმოდგენები.

 ისეთი იარლიყი მოგვაკერეს დიდი ხანი მოგვიწევს თავის მართლება. დიახ, პანკისი საქართველოა. რატომ უნდა გვიწევდეს ყოველთვის თავის მართლება. რატომ არ განვიხილებით ქისტები, საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებად. 

ბევრი უნდა დავწეროთ ჩვენზე, პანკისზე და ქისტებზე, ქალებზე და კაცებზე, უნდა დავწეროთ ჩვენს რელიგიაზე და ტრადიციაზე, რეალობაზე უნდა დავწეროთ. 

ხომ გაგიგიათ გამონათქვამი: "მერცხალი,რომ კიდეც მოჰკლა,მაინც მოვა გაზაფხული" ჩვენ თუ ვერ მოვახერხეთ და ვერ მივაწვდინეთ ხმა პანკისზე. გამოჩნდება ის ვინც მიზნად დაისახავს რეალობის ჩვენებას და უარყოფითი წარმოდგენების დამსხვრევას. პანკისელები საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევენ. კარგად იციან ქართულიც. დაჩაგრულები კი არ ვართ,პირიქთ ჩვენ გვყავს წარმატებული ახალგაზრდები, მასწავლებლები, ისტორიკოსები, ექიმები. არ ვართ კაციჭამიები და ტერორისტები, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. 

არ დაგვავიწყდეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები: "მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება,თავისი არსებობა,თავისი ვინაობა."თავსაბურავი ქალის თავისუფლებაა, სილამაზე და რწმენა. ჩვენი რელიგია და ტრადიცია ცუდს არაფერს გვასწავლის. ის გვასწავლის ურთიერთპატივსცემას, მშვიდობასა და სიყვარულს. გაჭირვების ჟამს ერთმანეთის გვერდით დგომას. ამიტომაც არის სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მასშტაბით პანკისში დანაშაულის მაჩვენებელი დაბალი. 

პანკისში ვერავინ ნახავას ბოთლით ხელში ბუჩქის ძირას წამოწოლილ მთვრალს. პირში სიგარეტით მამის გვერდით მჯდომ ვაჟს. ხელგაშვერილ მათხოვარს და სახლიდან გამოყრილ მოხუცებს.ნარკომანებს და მანიაკებს. ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ ძალიან ლამაზი და კარგი ტრადიციებით,ჩვეულებრივი სურვილებით და მისწრაფებებით. 

ვინც ფიქრობს,რომ პანკისში საშიშია კარგი იქნება თუ თავის თვალით ნახავს რეალობას. 


 

Comments