ორი სამშობლოს გასაყარზე



   სანამ დავიწყებდი, ბევრი ვიფიქრე, რითი დამეწყო, როგორ დამეწყო, საიდან დამეწყო…ბოლოს ყველაფერი ჩემს გულს და კალამს მივანდე. არ ვიცი, თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი მელანქოლიური ფიქრები ჩემს მიწაზე, ჩემი ღამის დარდი ჩემს სამშობლოზე, არც ის ვიცი, შევძლებ თუ არა ამ ყოველივეს ბოლომდე გადმოცემას; არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, უმჯობესია ზოგი რამ თავად მკითხველს მივანდო.


   XIX საუკუნე… საუკუნე, რომელმაც ჩემთვის და ბევრი ჩემნაირი ადამიანისთვის უხილავად გამიჯნა ძველი და ახალი; ის, რაც მიწის ქვეშაა და ის, რაც მიწის ზედაა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი წინაპრებისთვის არ იქნებოდა მარტივი მშობლიური მიწის მიტოვება, უცხო ადგილთან, გარემოსთან და ხალხთან ადაპტირება. რომელი დედას მოშორებული ბავშვი გინახავთ ბედნიერი?! თუმცა, ჩემთვის, ჩვენთვის ათმაგად რთულია; რთულია, შეეგუო ნოსტალგიანარევ ინტერესს, ნახვის მრავალწლიან ოცნებას, უძლურობის შეგრძნებას. ოცნება დიდია და რაც დრო გადის, ვხვდები, ის მიზნად ქცევას ლამობს. ოცნება, რომელშიც მე მაისტის კოშკებს შორის დავეხეტები, თითქმის ჩამოშლილ და დანგრეულ, თუმცა ჩემთვის მრავლისმმეტყველ და მრავლისმომცემ საგანძურს შორის; ოცნება, რომელშიც ხელის გულით იმ მიწას ვეხები, სადაც ჩემი სისხლი და ძვლები მარხია; ოცნებას, რომელშიც იმავე ცას ვუყურებ, რომელსაც ჩემი წინაპრები უყურებდნენ. ბევრი, ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო ამ დაუსრულებელ სიყვარულსა და მონატრებაზე, თუმცა არსებობს მეორე მხარე, არანაკლებ სენტიმენტალური და გულში ჩამწვდომი; მეორე მხარე, რომელსაც საქართველო ჰქვია. ადგილი, რომელმაც ჩემი აკვანი დაარწია; სადაც ავიდგი ფეხი; სადაც პირველად ვთქვი ,,დედა”; ადგილი, რომელმაც მომცა საშუალება, განმევითარებინა ჩემი ფესვები, მომცა თავისუფალი ნება და უფლება , ხილულად მეტარებინა ჩემი იდენტობა, რელიგია თუ ტრადიციები. 


   ჩემთვის ბევრს უთქვამს - “გქონდეს ორი სამშობლო ისეთივეა, როგორც გყავდეს ორი ბიოლოგიური დედა”, თუმცა ყველა “ნამდვილი დედა” როდია ბიოლოგიური?! ჩემი გული ორივეს იტევს, ორივეს აფასებს, ორივეს ყვარობს. ორივესთვის მზად ვარ,  გავიღო რაღაც, რაღაც, რაც არც თუ ისე მცირედი იქნება; მე მზად ვარ, მათ შევალიო სიცოცხლე, თუნდაც ფიქრით, თუნდაც ლოცვით; მე მზად ვარ მათთვის ვიბრძოლო, ვიბრძოლო, როგორც შამილი; მე მზად ვარ, მათთვის მოვკვდე, მოვკვდე, როგორც ილია.




Comments