ტურიზმი პანკისში- 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ესტუმრო პანკისს



პანკისი, კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში, გამოირჩევა უნიკალური ბუნების სილამაზით.

მეამაყება, რომ ვარ ამ კუთხის შვილი და ჩემი საქართველოს პაწაწინა ნაწილი.

გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა ესტუმროთ პანკისის ხეობას.

1) პანკისის ხეობა ნებისმიერ მნახველს იზიდავს თავისი ბუნების პეიზაჟებით. ხეობის ნებისმიერ წერტილში რომ დადგეთ და ირგვლივ მიმოიხედოთ, ერთ მხარეს გორაკ-ბორცვები მოგხვდებათ თვალში, მეორე მხარეს კი -თვალწარმტაცი მთები, რაც ქმნის იმის ილუზიას, რომ მთებით და ბორცვებით გარშემორტყმული, ბუნების წიაღში იმყოფებით.

2) აქ თქვენ შეძლებთ მოინახულოთ ახალი მეჩეთი და შეადაროთ იგი ძველ, ე.წ ტრადიციულ მეჩეთს, აღსანიშნავია, რომ ძველი მეჩეთის ფასეულობები და ტრადიციები განსხვავდება ახლისგან. ასე მაგალითად, თუ ძველ მეჩეთში მიღებულია ტრადიციული რიტუალები ლოცვის დროს, ახალ მეჩეთში ეს კატეგორიულად იკრძალება.

3) ადგილზე თქვენ გაეცნობით ტრადიციულ ხელნაკეთ ნივთებს და სურვილის შემთხვევაში სამახსოვრო სუვენირის შეძენასაც შეძლებთ. თქვენ ასევე შეძლებთ პრაქტიკაში მიიღოთ მონაწილეობა ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში. ხეობაში მოქმედებს

სხვადასხვა კურსები, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია ქისტური ტრადიციული თექის, რეწვის, მინანქრის და სამკერვალო კურსები.

4) პანკისის ხეობა არც კულინარიის მხრივ დაგტოვებთ გულგრილს. ადგილობრივ კაფეებში თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები მისაღებ ფასად: ჩეჩნური სტილის ხინკალი, შებოლილი ხორცი მოხვეულობებით (ე.წ. ჯიჯიგ-გალანაშ), ჩეჩნური ხალვა, ქისტური უალკოჰოლო ლუდი, ხეობაში დამზადებული ჰალალის ძეხვეული და ა.შ.

თუ ბუნებაში გირჩევნიათ დროის ტარება, ხეობაში ბლომადაა სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე ადგილები. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის ტარება ნასიამოვნებს დაგტოვებთ.

5) ხეობაში არსებობს საცხენოსნო და ველო ტურები, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთის მხრივ, განიტვირთოთ, მეორე მხვრივ, კი მოინახულოთ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა: ხადორის ჩანჩქერი, ბაწარის ნაკრძალი, ალაზნის მიდამოები, უძველესი ეკლესიების ნანგრევები და ა.შ.

ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საცხენოსნო ტურები მთებში. ისინი მთებში ადიან ამხედრებულები. ეს გაცილებით უფრო შესანიშნავია ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის მგზავრობა.

ეს იყო მცირე ჩამონათვალი იმ ყველაფრის, რითაც შეგიძლიათ ხეობაში დაკავდეთ.

თუ ეწვევით ხეობას დარწმუნდებით, რომ ეს ამად ღირდა.



Comments