ჩეჩნურ საზოგადოებაში რიტუალები, ფაქტობრივად, ხალხური ტრადიციების ნაწილი იყო. ამ ყოველდღიურმა რიტუალებმა შექმნა ჩეჩნური კულტურის ნორმები, რომლებიც დღესაც ჩეჩნური საზოგადოების განუყრელი ნაწილია. ადრეულ წლებში ეს რიტუალები აღმოცენდნენ პრიმიტიულ საზოგადოებაში და უკავშირდებოდა ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედებას. ხახლს ეს რიტუალები ეხმარებოდა ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში.
"კოვზების შეკვრა" - ქორწილის შემდეგ სიძის დედა შვილსა და რძალს ჩუქნიდა ორ ხის კოვზს, რომლებიც ხისგავე დამზადებული ბეჭდით იყო შეკრული, ბეჭედზე დატანილი იყო რძლისა და სიძის სახელები. კოვზებს გამოცდილი ხელოსნები ჭრიდნენ, აუცილებელად ყველა დეტალი ხის ერთი ნაჭრისგან უნდა დამზადებულიყო. ამ სუვენირს მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა. ეს მეტად საინტერესო რიტუალი ნიშნავდა, რომ ახალგაზრდებმა სამუდამოდ გააერთიანეს თავიანთი ბედი და რომ მხოლოდ სიკვდილს შეეძლო მათი დაშორება. ახალ ოჯახში ახალგაზრდები პირველად საჭმელს ამ კოვზებით მიირთმევდნენ. „შეკრულ კოვზებს“ სახლში საპატიო ადგილი ეკავა - ახალდაქორწინებულების ოთახში, სპეციალურად მისთვის განკუთვნილ კედელზე ეკიდა. „შეკრული კოვზები“ იყო ოჯახის ერთგვარი თილისმა და მტკიცე ოჯახის სიმბოლო. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიცვალებულის კოვზს ხსნიდნენ. ცოლ-ქმრის გარდაცვალების შემდეგ კედელზე მხოლოდ ბეჭედი რჩებოდა, სადაც მათი სახელები იყო ამოტვიფრული. დროთა განმავლობაში ახალგაზრდები საკუთარი წინაპრების ბეჭდებს აგროვებდნენ და ამგვარად, მათმა შთამომავლებმა მოახერხეს თავიანთი წინაპრების სახელების დამახსოვრება. შვიდი თაობის უფროსების სახელების ცოდნის პრაქტიკა დღესაც აქტუალურია ჩეჩნებში. ტრადიციული ოჯახებისთვის ეს ერთგვარი ღირსების საკითხია. ამ რიტუალიდან გამომდინარეობს ჩეჩნური ანდაზა „ კაცი, რომელმაც შვიდი წინაპრის ვინაობა არ იცის ის, ვაჟკაში არ არის“. სხვადასხავა წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ეს რიტუალი 1944 წლის ჩეჩნების დეპორტაციამდე არსებობდა.
„ჩოკხი“ - ჩეჩნების რიტუალური საქორწინო ცერემონია იყო. პატარძლის მომზადებას ჩეჩნური საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ქორწილის კაბის ჩაცმამდე გოგონას უტარებდნენ რიტუალურ მომზადებას. სურნელოვანი ბალახებითა და სამკურნალო მცენარეებისგან მომზადებული წყალი ითვლებოდა სილამაზის ელექსირად, ამიტომ, პირველ რიგში, სამზადისი იწყებოდა წყლით. შემდეგ, პატარძალს სხეულზე სიმბოლური დატვირთვის მქონე ნიმუშებს ახატავდნენ და საქორწინო კაბას აცმევდნენ. „ჩოკხის“ ცერემონია სამზადისის ბოლო ეტაპი იყო: პატარძლის დეიდები და მისი მეგობრები გამოუყენებელ ნემსს ამაგრებდნენ საქორწინო კაბაზე. ლეგენდის თანახმად, ნემსი და სიმბოლურ ნახატები ახალგაზრდებს ბოროტი თვალისა და სხვა სახის ზიანისგან იცავდა. ამავე რიტუალის ნაწილი იყო პატარძლის მზითვეში ლობიოს მარცვლების, სიმინდის და გარგარის კურკის დამალვა. ამ ჟესტით ქალები პატარძალს ჯანსაღ შთამომავლს უსურვებდა. ასევე, პატარძალს აძლევდნენ ლენტით შემოხვეული ხელსახოცს, სადაც ვერცხლის რუბლი იყო გახვეული. ხელსახოცი ბარაქის მომტანი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდებისთვის. ყველა ეს საჩუქარი ერთგვარ რელიქვია იყო და სიცოცხლის ბოლომდე ინახებოდა.
„წვიმის მოწოდება“ - ჩეჩნები გვალვას საკმაოდ სენსიტიურად უყურებდნენ, რადგან ზაფხულში მოსავლის მოყვანა გვალვის პირობებში შეუძლებელი ხდებოდა. ძველად, ჩეჩნურ საზოგადოებაში გავრცელებული იყო მრავალი რიტუალი, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა გვალვას. ჩეჩნები თვლიდნენ, რომ კლიმატის ცვლილება გველებსა და ყვავებზე იყო დამოკიდებული. მათ სჯეროდათ, რომ რამდენიმე გველის მოკვლა და გარშემო ჩამოკიდება ან ყვავის ბუდის დანგრევა, წვიმას გამოიწვევდა . მშრალი მდინარის კალაპოტის გათხრა, მეორე ალტერნატივა იყო. კაცები და ქალები ცალ-ცალკე ხნავდნენ მდინარის არხს, ამავდროულად, წყლის გამოჩენის შემთხვევაში ინტენსიურად ისველებდნენ თავს. მისიის შესრულების შემდეგ, „მდინარის მხვნელი“ ქალები სოფელს შემოივლიდნენ. გზადაგზა „გმირული“ საქმის მკეთებელ ქალებს, მადლიერების ნიშნად, მოსახლეობა ფულს ან საჭმელს ჩუქნიდა. წვიმის გამოწვევის ყველაზე ეფექტური გზად ჩასაფრება და გამვლელი მამაკაცის მდინარეში ჩაგდება ითვლებოდა. ჩეჩნეთში ისლამის დამკვიდრებასთან ერთად კიდევ ერთი რიტუალი გაჩნდა - მდინარეში ქვების სროლა. ამ რიტუალში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდები აგროვებდნენ ქვებს და აწყობდნენ მოლასა და მოხუცების გვერდით, რომლებსაც ყურანის კითხვა შეეძლოთ. პირველ რიგში, მოლები კითხულობდნენ ყურანს, ლოცვების წაკითხვის შემდეგ ქვებს წყალში ისროდნენ. რიტუალი, მთელი სოფლის სახელზე , მსხვერპლშეწირვით ( საქონლის დაკვლა) მთავრდებოდა.
„კერის თაყვანისცემა“ - ჩეჩნებში კერა (ცეცხლის დასანთები ადგილი საცხოვრებელში) და მასში არსებული ცეცხლი ოჯახის მთავარი სალოცავი და ღირებულება იყო. ეს იყო ერთიანობისა და კეთილდღეობის სიმბოლო. ძველად, ცეცხლის დიასხლისი ქალი იყო და შესაბამისად, ჩეჩნებს შორის პირველი ადგილი კერასთან ცოლს ეკუთვნოდა. შემდეგ შეიცვალა სოციალური ნორმები და მამაკაცმა კერაში დომინანტური ადგილი დაიკავა და ქალის ადგილი კერასთან საჭმლის მომზადებით შემოიფარგლა.
კერის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გასაკვირვი, რომ ჩეჩნებს კერასთან დაკავშირებული მრავალი რიტუალი ჰქონდათ. მაგიდასთან დასხდომამდე ცეცხლში ყრიდნენ საუკეთესო ნაჭრებს და ოჯახის კეთილდღეობაზე ლოცულობდნენ. ასევე, პურის ნამსხვრევებსა და საკვების ნარჩენებსაც ცეცხლს „ჩუქნიდნენ“, რადგან „პური ღმერთის საჩუქარად“ ითვლებოდა და ცეცხლში ჩაგდებით, თითქოს, უბრუნდება მეპატრონეს. პატარძალი ოჯახთან გამოსამშვიდობებელ რიტუალს, მშობლების სახლის კერასთან ასრულებდა - ქალები, ახვეული თვალებით, პატარძალს სამჯერ შემოატარებდნენ კერას, ამ ერთგვარი წრის გაკეთების შემდეგ, საქმროს ნათესავი კერის ჯაჭვს შეარხევდა - ეს განასახიერებდა მშობლების სახლისგან პატარძლის კავშირის გაწყვეტას. დღესასწაულების დროს კერიდან ცეცხლმოკიდებულ მორს იღებდნენ და მას გარშემო უვლიდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ამ გზით ბოროტ სულები იდევნებოდა . ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კერის ცეცხლს აქრობდნენ და მწუხარე ოჯახში საჭმელი სამი დღე არ მზადდებოდა. ჩეჩნებისთვის კერიან ოთახში ჩადენილი დანაშაული ყველაზე მძიმე დანაშაული იყო. კერასთან სისხლის აღება ნებადართული იყო, მაგრამ თუ მოსისხლე კერის ჯაჭვთან შეხებას მოასწრებდა, მოსისხლე მტერს სტუმრის სტატუსით იღებდნენ. კერის ჯაჭვი, ისევე როგორც თავად კერა, წმინდად ითვლებოდა. თუ ვინმე სხვის კერის ჯაჭვს მოკიდებდა ხელს, ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი მასპინძლისგან დაცვას ითხოვდა ან სურდა ოჯახის მეგობარი გამხდარიყო. უძველეს ხანას ეკუთვნის მნიშვნელოვანი საახალწლო რიტუალიც, კერაში ცეცხლის განახლება. დღესასწაულისთვის ყველა კერძი მხოლოდ ახალ ცეცხლზე იყო მომზადებული. კერაში აწყობდნენ მოუჭრელ გრძელ მორს, ყველაზე ხშირად მუხას. მორის სიგრძე დღესასწაულის ხანგრძლივობაზე მიუთითებდა, როცა კერაში დამწვარი მორი იმ ზომამდე მცირდებოდა, რომ მის უკან კარის დაკეტვა იყო შესაძლებელი, ეს დღესასწაულის დაწყებს მიანიშნებდა, ხოლო სრულად დამწვარი მორი დღესასწაულის დასრულებას.
Comments
Post a Comment