ვაინახური მენტალიტეტი ანუ ვაინახური ტრადიციები

  




   ვაინახებში საუკუნეების მანძილზე  ცხოვრებისეული დაკვირვებით, ყოველდღიური გამოცდილებითა და ამ გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებით ყალიბდებოდა ადათ-წესები, ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები, რომლებიც თავიანთი ფასეულობისა და ღრმა ეთიკური შინაარსის წყალობით მრავალ საუკუნესა და თაობას შემორჩა. მათში ჩადებული სიბრძნე და პრაქტიკულობადღევანდელი აზროვნებისთვისაც კი შესაშურია.

   ვაინახური ღირსების კოდექსის თანახმად პიროვნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იგი თავისი “თეიფის” (გვარის) ღირსებას იცავდეს, ღირსება კი მეტწილად უკავშირდება ტრადიციებსა და ადათ-წესებს. 

   სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, ვფიქრობ, ვაინახების მაღალი ზნეობრივი თვითშეგნებისა და მენტალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ეს მეზობელ ხალხებზეც იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თვით ვაჟა ცალკე პოემას უძღვნის ამ საკითხს. სტუმრის დაფასება და პატივისცემა ვაინახის ვალია, არ აქვს მნიშვნელობა სტუმარი მდიდარი იქნება თუ ღარიბი, განათლებული თუ გაუნათლებელი, მოყვარე თუ მტერი. სტუმრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ავტომატურად ხდები, ისევე, როგორც მის მიერ ჩადენილ საქციელზე, მაგალითად, თუ ადამიანი შენთან სტუმრობის პერიოდში ჩადის ქურდობას ან მკვლელობას, შენც ვალდებული ხარ გარკვეულწილად აგო პასუხი მომხდარზე. ვაინახური ტრადიციების მიხედვით, სტუმარი მხოლოდ სამი დღით “სტუმრობს”, ამის შემდეგ კი ის ოჯახის წევრად ითვლება და თითქმის ისეთივე პრივილეგიებითა და უფლებებით სარგებლობს, როგორც ოჯახის სხვა წევრები. 

   ვაინახებისთვის არც ძმადნაფიცობის ტრადიცია ყოფილა უცხო. ძმადგაფიცულები ალალი ძმებივით ხდებოდნენ;  მუდამ გვერდში ედგნენ ერთმანეთს და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთისთვის თავსაც სწირვდნენ, სისხლსაც იღებდნენ და საგვარეულო საქმეებშიც ერეოდნენ, როგორც მისი სრულუფლებიანი წევრები. ძმადგაფიცვის სამი გზა არსებობდა: სისხლის შერევით (ერთმანეთს დანით ხელის ნაწილს უსერავდნენ და სისხლის წვეთებს ურევდნენ ერთმანეთში); ფიცი მეგობრებისა და უფროსების თანდასწრებითა და ერთი ფიალიდან რძის დალევით, რომელშიც ოქროს ბეჭედი იყო ჩაგდებული, როგორც უჟანგავი მეგობრობისა და ძმობის სიმბოლო. ამ ცერემონიის შემდევ კი ერთმანეთს იარაღებს უცვლიდნენ,  ასაჩუქრებდნენ და ამ ყოველივეს აღსანიშნავად ნადიმს მართავდნენ. 

   ვაინახებში დიდია უფროსის დაფასება და პატივისცემა. თავის მხრივ, უფროსიც განსაკუთრებულ მიდგომასა და ურთიერთობის თავისებურებას იჩენს უმცროსის მიმართ. ტრადიციის მიხედვით, უფროსს უფლება აქვს შენიშვნა მისცეს უმცროსს, ხოლო ის ვალდებულია, ხმაამოუღებლად და თავმდაბლობით მიიღოს და გაითვალისწინოს მისი სიტყვა. გზაზე გამვლელ უფროსს მოწიწების ნიშნად უმცროსები ფეხზე უდგებიან, თუ უფროსი დაჯდომას აპირებს მას უსიტყვოდ ადგილს უთმობენ, უფროსის თანდასწრებით ჭამას ერიდებიან და საკუთარ საქმიანობასაც უკანა პლანზე ტოვებენ თუ რომელიმე უფროსს მისი დახმარება სჭირდება, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანი იყოს ის.

   ვაინახების ტრადიაციები და ღირსების კოდექსი იმდენად მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანია, რომ მასზე დეტალურად საუბარი და მისი ამოწურვა დიდ ძალისხმევასა და საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. მშობლები ბავშვობიდანვე შთააგონებენ თავიანთ შვილებს მათ დაცვას, რის შედეგადაც ისინი მათი განუყოფელი ყოველდღიურობა ხდება. ის ფაქტი, რომ ჩვენს ტრადიციებს ფესვები ასე მყარად აქვს გადგმული, დიდწილად განაპირობა ისლამის გავრცელებამ ვაინახევში. უფროს- უმცროსის პატივისცემას, სტუმრის დაფასებას თუ სხვა მსგავს მორალურ საკითხებს ისლამი დიდ ყურადღებას უთმობს, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მარტივს ხდის ამ ყოველივეს “შესისხლხორცებას” .

Comments