ისლამამდელი პერიოდი პანკისში




    

    რელიგია და რწმენა  ყოველთვის წარმოადგენდა სოციუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამახასიათებელ და განმსაზღვრელ ფაქტორს. ზოგჯერ ადამიანები ბრმად მისდევენ იმ დოგმას, რაც მათ წინაპრებისგან ერგოთ, თუმცა არც თუ ისე იშვიათად დგება მომენტი, როცა გააზრებული გადაწყვეტილება ახალ არჩევანს ეყრება საფუძვლად.

   უცნობი ფაქტი არ არის ის,  რომ ჩვენი  წინაპრების რწმენა-წარმოდგენები რადიკალურად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. პანკისში ჩამოსახლებამდე ქისტების წარმართული აზროვნება მათ ყოველდღიურობაშიც ისახებოდა. ისინი აშენებდნენ წარმართულ სალოცავებს, სადაც თავად შექმნილ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ ჩამოსახლებაც არ ყოფილა ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც მათ ისლამისკენ მოაქცევდა. 

   ჩეჩნეთიდან გადმოსვლის შემდეგ,  ქისტები ძირითადად ორ ლოკაციაზე დასახლდნენ: თიანეთის მაზრაში და პანკისის ხეობაში. თიანეთში ჩამოსახლებული ქისტები წარმართები იყვნენ. თავიანთ სამოსახლოში მათ დაამკვიდრეს სალოცავებიც. თანდათანობით ისინი იღებენ ქრისტიანობას და სრულად ასიმილირდებიან ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან.

   რაც შეეხება, პანკისის ხეობაში გადმოსახლებულ ქისტებს, პირველი მოსახლე, როგორც ცნობილია, იყო დუი დიშნი, რომელსაც სხვა ქისტებიც გამოჰყვნენ. ქისტებმა დუის სოფელში, ალაზნის პირას ააშენეს პატარა ეკლესია-ნიში, რომლის გარშემოც თავად დასახლდნენ. ეს ნიშა  სამლოცველოდ აქციეს, იქ კი დაასვენეს თავიანთი ომის ღმერთი “მაისტალა” - ბავშვის ზომის ვერცხლით მოჭედილი ხის ქანდაკება.

   XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტიანულმა ეკლესიამ ახლადჩამოსახლებულ ქისტებში დაიწყო მისიონერული მოღვაწეობა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევდნენ. ამის მიზეზი კი დიდწილად იყოს ის, რომ ქისტები მამა-პაპის “გზას” არ ღალატობდნენ. სხვადასხვა გზით ეცადა მეფის ხელისუფლება: ძალდატანებით, მოსყიდვით, დაპირებით, თუმცა კვლავ დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. ჯოყოლოს მოსახლეობა, რომელიც გადასახადებისგან გათავისუფლების პირობით გაქრისტიანდა, კვლავ იხდიდა მათ მაშინ, როცა დუისის მუსლიმი მოსახლეობისგან გადასახადები არ იკრიფებოდა. 1888 წელს “კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” ინიციატივით აიგო ეკლესიის ქვითკირის შენობა, რომელიც მანამდე ფიცრისგან იყო აშენებული. ეს ეკლესია დღესაც დგას სოფელ ჯოყოლოს ცენტრში. 



   ცნობილია, რომ ქისტების ნაწილმა ისლამი  ჯერ კიდევ XIX საუკუნის დამდეგისთვის მიიღო. ამ დროს უმეტესობა ძველ, წარმართულ რელიგიას მისდევდა, ხოლო ზოგს, მცირე ნაწილს, ქრისტიანობის სწამდა. ამდენად, აღნიშნული პერიოდისთვის პანკისის მოსახლეობა რელუგიური სიჭრელით ნამდვილად გამოირჩეოდა. უკვე XIX საუკუნის 80-იან წლებში ქისტების რელიგიური აღმსარებლობის გამოსაკვლევად  ჩატარებული კვლევების თანახმად სოფ. დუისში 546 სულიდან მხოლოდ 47 მართლმადიდებელი ქრისტიანია, ხოლო 499- ისლამის მიმდევარი. რაც შეეხება ჯოყოლოსა და ომალოს, აქ სხვა სურათი იკვეთება: ჯოყოლოში 205 სულიდან 187 მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხოლო 18- მუსლიმი არის აღრიცხული; ომალოში 456 სულიდან 262 ქრისტიანი, ხოლო 194-  მუსლიმი. აქედან გამომდინარე, ყველაზე მკაფიოდ ისლამის გავრცრლების არეალად პანკისის ხეობაში სოფელი დუისი გვევლინება. იგი “ხელმძღვანელობდა” ქისტების მიერ ისლამის მიღების პროცესს, რაც მთელი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა და თითქმის მთელი ხეობის ისლამზე მოქცევით დაგვირგვინდა კიდეც. 

   

Comments