ახალგაზრდული ცენტრი ილუმინატორი

 

რა აღარ დაგვატყდა თავს 2020 წელს, პანდემია, კარანტინი, დისტანციური სწავლება.

მაგრამ კარგი ამბების გარეშეც არ ჩაუვლია ამ წელს.

ილუმინატორიც სწორედ ესეთი პატარა კარგ ამბავია...

პირველ რიგში, მოგიყვებით თუ რას ნიშნავს ილუმინატორი და რატომ ავირჩიეთ ეს სახელი.    

 ეს სიტყვა ნიშნავს გამნათებელს,  სახელზე ბევრი ფიქრის შემდეგ ილუმინატორზე შევჯერდით, გადავწყვიტეთ ჩვენი ორგანიზაციის მნიშვნელობა სინათლესთან ყოფილიყო ასოცირებული.

ჩვენი ისტორია საკმაოდ სპონტანურად დაიწყო,     2020-წლის იანვრის თვეში თბილისში სასწავლებლად გადასული სტუდენტები არდადეგებზე ჩამოვედით ხეობაში და პანდემიის გამო ვეღარ დავბრუნდით უნივერსიტეტბში. დისტანციური სწავლების გამო ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა და გადავწყვიტეთ ჩვენი თემისთვის რაიმე სასიკეთო საქმიანობაში გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა.თავიდან მოხალისეობრივი აქტივობებით დავიწყეთ.                სოციალურ ქსელებში შევქმენით ჯგუფები, სადაც ძალიან ბევრი პანკისელი შემოგვიერთდა, სწორედ მათი დახმარებით ვაგროვებდით პროდუქტებს, ტანსაცმელს, ფულს და შემდგომ ისევ ჯგუფის მონაწილეების დახმარებით მიგვქონდა სოციალურად დაუცველ ოჯახებში, მარტოხელა დედებსა და მოხუცებთან, ასევე იმ ადამიანებთან, ვინც პანდემიის გამო შემოსავლის წყარო დაკარგა.

ერთ დღეს KRDF- ის დირექტორმა, იზა ბექაურმა შემოგვთავაზა ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და არასამთავრობო ორგანიზაციად დავრეგისტრირებულიყავით, სწორედ ასე შევქმენით ილუმინატორი პანკისელმა ახალგაზრდებმა.

იქიდან გამომდინარე, რომ დამწყებები ვართ და ჩვენს ორგანიზაციას არ გააჩნია თავისი ფინანსური შემოსავალი, ისევ მოხალისეობრივად ვცდილობთ პატარ-პატარა კარგი საქმეები ვაკეთოთ.

ჩვენი ყველაზე საყვარელი პროექტია სოფლის ბიბლიოთეკა.                                                                        თავდაპირველად გიორგი კეკელიძეს მივმართეთ თხოვნით, სოციალურ ქსელებში თვალს ვადევნებდით მის გვერდს და ვხედავდით, რომ სოფლის ბიბლიოთეკებს წიგნებს ჩუქნიდა. 
 მივწერეთ მას Facebook-ზე და ვთხოვეთ ჩვენთანაც ჩამოსულიყო, ბატონმა გიორგიმ მართლაც ჩამოგვიტანა წიგნები.
 
 შემდგომ უკვე ევროპის ფონის მიერ გამოცხაებულ საგრანტო პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და დაფინანსება მოვიპოვეთ. სწორედ ეს იყო ჩვენი პირველი გრანტი, რომლითაც პანკისის ხეობაში არსებული ერთადერთი საჯარო ბიბლიოთეკა და შეხვედრების სივრცე განვაახლეთ, შევიძინეთ ახალი წიგნები და ინვენტარი.

გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს პანკისის ხეობა დგას.

 ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გარემოს დანაგვიანების პრობლემის მოგვარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ამ მიზნით ჩავატარეთ რამდენიმე დასუფთავების აქცია, თუმცა ეს ზღვაში წვეთია, რადგან პრობლემა ძალიან დიდია. ამ საკითხთან დაკავშირებით ახლო მომავალში აუცილებლად გვექნება საკმაოდ მასშტაბური და ვფიქრობთ შედეგის მომცემი აქტივობები.

ილუმინატორი არის პატარა მაგალითი თუ როგორები არიან დღევანდელი პაკისელი ახალგაზრდები: მოტივირებულები, აქტიურები და მომავალზე ორიენტირებულები.       

მიგვაჩნია, რომ ეს არ იქნება უბრალოდ რიგითი არასამთავრებო ორგანიზაცია, არამედ ნათელი მაგალითი იმისა, რომ პანკისში- სადაც ორიოდე ათეული წლის წინ ბოროტმოქმედები დათარეშობდნენ და ათასი უბედურება ხდებოდა, დღეს ჰყავს ძალიან მაგარი ახალი თაობა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი თემისა და ხეობის განვითარებაზე.

Comments