პანკისის
მაცხოვრებლები წარმოადგენენ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ისინი მიეკუთვნებიან
საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენას და აწყდებიან საზოგადოებაში სოციალური,
პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პრობლემებს. პანკისის ხეობისა და
ტერორიზმის შესახებ სიახლეებს ადგილობრივი და საერთაშორისო მედია აშუქებდა. დეზინფორმაციისა
და პროპაგანდის გასავრცელებლად რუსეთი იყენებს და
იყენებდა პანკისის ხეობის ისტორიულ ფონს. 2000-იანი წლების დასაწყისში, ჩეჩენი ლტოლვილების
რაოდენობის მატებასთან ერთად, პანკისის ხეობაში კრიმინალური აქტივობა
გაიზარდა. 2012 წლიდან 100-ზე მეტი პანკისელი ახალგაზრდა
წავიდა სირიაში საბრძოლველად. 2019 წლის
მონაცემებით, სირიაში 33-ზე მეტი პანკისელი მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს
მეთაური ომარ ალ-შიშანი. ბევრი
უკან, საქართველოში დაბრუნდა ან სხვა ქვეყნებში
გადავიდა..
რუსული მედია
დიდ როლს თამაშობს დეზინფორმაციის გავრცელებაში და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.
რუსული საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს
წარმოაჩინოს პანკისის ხეობა, როგორც დახურული საზოგადოება, რომელიც ფუნქციონირებს როგორც
უსაფრთხო თავშესაფარი და ტრანზიტი ტერორისტებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
სერგეი ლავროვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ისლამურ სახელმწიფოს აქვს საწვრთნელი ბანაკები
პანკისის ხეობაში და ეს შეიძლება ჩაითვალოს რუსეთისთვის ეროვნულ საფრთხედ. მის განცხადებებს
რუსული მედია მრავალი წელია ფართოდ აშუქებს. გარდა ამისა, სტერეოტიპის გასამყარებლად,
რუსული ვებგვერდებზე ხშირად ქვეყნდება ცრუ
ინფორმაცია პანკისის ხეობის შესახებ. რუსეთი პანკისის ხეობის ჩეჩნეთთან კავშირს იყენებს.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მომხრეები პროპაგანდის გასავრცელებლად
სხვადასხვა იარაღს იყენებენ. მრავალი პროვოკაცია დაგეგმილა და ემსახურებოდა კადიროვის რეჟიმის მიმართ
პანკისის ხეობის მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას და იქ ვითარების სტაბილურობის
შემოწმებას.
პანკისის
ხეობაში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის ნარატივი
ზოგადად საქართველოსკენ მიმართული ჰიბრიდული ომისგან განსხვავდება. საქართველოს
შემთხვევაში რუსეთი ხელმძღვანელობს საერთო რელიგიითა და ისტორიით, ასევე
ანტიდასავლური იდეოლოგიით. რაც შეეხება პანკისის ხეობას, რუსეთი ცდილობს შექმნას უკანონო,
ექსტრემისტული რეგიონის იმიჯი, სადაც ტერორისტებს წვრთნიან და რომელსაც
ქვეყნის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. დეზინფორმაციული
კამპანია მიზნად ისახავს ადგილობრივების ტერორისტებად გამოჩენას, სტერეოტიპების
განმტკიცებას, მოსახლეობის იმედგაცრუებას და დესტაბილიზაციის
შექმნას. მიზნის მისაღწევად რუსეთი აქტიურად იყენებს იმ ფაქტს, რომ პანკისის ხეობიდან
ახალგაზრდები წავიდნენ სირიაში ისლამურ სახელმწიფოსთან
(ISIS) საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები იყო, მათი რიცხვი არ
იზრდება. რუსული მედია აყალბებს ფაქტებს,
იყენებს გაზვიადებულ მონაცემებს და ინტერვიუებსაც კი არასწორად თარგმნის, რათა პანკისის
ხეობა ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად წარმოაჩინოს. მსგავს სიუჟეტებში ავტორები
თუ წყაროები ხშირად ამბობენ, რომ პანკისის ხეობა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს,
არამედ რუსეთს და მთელ რეგიონს, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საფრთხეს
ორივე ქვეყანა თანამშრომლობით უნდა გაუმკლავდეს.
რუსული
პროპაგანდის ოთხ ძირითად ნარატივს ვხვდებით.
პირველი - ტერორისტები ყოველთვის იმალებოდნენ პანკისის ხეობაში და ადგილზე სასწავლო ბანაკები ფუნქციონირებს. პანკისის ხეობა
მრავალი წლის განმავლობაში შელახული რეპუტაციის
შედეგებს იმკიდა, ძირითადად 2001-2002 წლების
მოვლენების გამო. შეერთებულმა შტატებმა იმოქმედა
და დაეხმარა საქართველოს რუსეთის ჩარევის თავიდან აცილებაში. კონფლიქტი მოგვარდა და
საქართველოს მთავრობამ დაალაგა სიტუცია, მაგრამ ტერორისტებისა და სასწავლო ბანაკების
ამბები რუსულ მედიაში ისევ აქტუალურია.
2000-იანი წლების დასაწყისში პანკისის ხეობაში მომხდარი მოვლენები რუსეთის დეზინფორმაციული
კამპანიის საფუძველი გახდა. მაშინ რუსეთმა საქართველო დაადანაშაულა იმაში, რომ პანკისის
ხეობაში ჩეჩენი ტერორისტებს ხელს აფარებს და არ დგამს ნაბიჯებს რეგიონის „გასანეიტრალებად“.
როგორც რუსეთის პარლამენტი ოფიციალურ განცხადებაში წერს, „საქართველოს ხელმძღვანელობამ,
რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა პანკისის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტების
არსებობას და უარს ამბობდა რუსეთთან თანამშრომლობაზე ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად,
ხელი შეუწყო ტერორისტული აქტივობის გაფართოებას საქართველოში“. ბრალდებები
გაგრძელდა შემდგომ წლებშიც. 2016 წლის იანვარს,
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული დაზვერვის
თანახმად, ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) მოაწყო
სასწავლო ბანაკი პანკისის ხეობაში: „ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები იყენებენ ამ ძნელად
მისადგომ ტერიტორიას. ტრენინგებისთვის, დასვენებისთვის და საჭირო ნივთების მოსამარაგებლად“.მან
შესთავაზა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის
აგვისტოს ომის გამო შეჩერებული იყო. საქართველოს ხელისუფლებამ უარყო ბრალდებები და
განაცხადა, რომ პანკისის ხეობა კონტროლის ქვეშაა და ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს.
ლავროვის განცხადება სხვადასხვა რუსულმა ვებგვერდმა გაავრცელა. Kavkazoved.info-მ გამოაქვეყნა
ინტერვიუ პოლიტოლოგთან და New Baku Post-ის მთავარ რედაქტორთან, ტოფიგ აბასოვთან, რომელმაც
განაცხადა, რომ დიდი ალბათობით პანკისში ISIS-ის სამხედრო ბაზაა. სხვა სიუჟეტში ლავროვი
აცხადებდა, რომ რუსეთი იძულებული გახდა დაეტოვებინა
უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რადგან „პანკისიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხე არ
გამქრალა “.
მეორე - პანკისის ხეობა იზოლირებული, ჩაკეტილი რეგიონია,
სადაც მოსახლეობა სახელმწიფო ენას არ ფლობს და ადგილობრივი გიდის გარეშე სტუმრობა სახიფათოა.
რუსულ მედიასივრცეში ხშირად ვაწყდებით სტატიას
ან სიუჟეტს, რომელშიც ავტორი გვიყვება, რომ
პანკისის ხეობა არის იზოლირებული, დახურული თემი, სადაც ხალხი ქართულად არ საუბრობს
და სადაც სხვები ადგილობრივი გიდის გარეშე არ უნდა წავიდნენ. ასეთი ნარატივი ხელს უწყობს
პანკისის, როგორც საქართველოს ცალკეული და მარგინალიზებული რეგიონის იმიჯის შექმნას,
რაც კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელიც წლების
განმავლობაში ცდილობს სტერეოტიპების დაძლევას. 2017 წლის მაისში Mir 24-ის მიერ გამოქვეყნებული
სიუჟეტი ამტკიცებს, რომ პანკისელი ხალხი იზოლირებულად ცხოვრობს, საკუთარი კანონების
შესაბამისად, რომლებსაც ფუნდამენტალისტი ლიდერები ადგენენ. Mir 24-ის 2017 წლის კიდევ
ერთ პუბლიკაციას ჰქონდა შემდეგი სათაური: „როგორ გადაიქცა პანკისი მებრძოლ ქარხანად“.
ისევე როგორც წინა, ეს ამბავიც ავრცელებს დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პანკისში
თითქმის არავინ საუბრობს ქართულად.თუმცა, 2019 წელს საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ
აჩვენა, რომ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა უმცირესობებს შორის ქართული ენის ყველაზე მაღალი
დონე ქისტებს აქვთ. 2019 წლის მაისში Lenta.ru-ზე გამოქვეყნდა სიუჟეტი პანკისში კაშხლის მშენებლობის
წინააღმდეგ ჩატარებული გამოსვლების შესახებ
: „პანკისის შემოსევა: ამ ქართულ ხეობას ტერორისტების სახლს უწოდებენ. ჩეჩნები იქ ცხოვრობენ
თავიანთი კანონებით.” ასევე, ავტორი არასწორად
ამტკიცებს, რომ პანკისის ხეობა არის დახურული თემი, სადაც უცხო პირებისთვის საშიშია
და
უმეტესობა ქართულად არ ლაპარაკობს.
მესამე ნარატივი - პანკისის ხეობა საფრთხეს
უქმნის როგორც საქართველოს, ისე რუსეთს, რადგან
იქ მცხოვრებ ტერორისტებს შეუძლიათ საზღვრის
გადაკვეთა და რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა. რუსეთი ხშირად აღნიშნავს, რომ პანკისის
ხეობა მხოლოდ საქართველოს პრობლემას არ წარმოადგენს და რომ ხეობა საფრთხეს უქმნის რუსეთს
და მთელ მიმდებარე რეგიონს. თითქოს, რუსეთს საფრთხე ემუქრება პანკისის ხეობაში მოქმედი
ტერორისტების მხრიდან, რადგან მათ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა და რუსეთში ტერორისტული
თავდასხმების ორგანიზება. Topwar.ru-მ გამოაქვეყნა სიუჟეტი
სათაურით: „პრობლემა რუსეთისთვის თუ საქართველოსთვის“. სათაური უკვე იმაზე მეტყველებს,
რომ პანკისის ხეობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რუსეთს. ლავროვის განცხადებების შემდეგ
გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატიაც, სადაც საუბარია პანკისის ხეობაში ტერორისტების ბანაკის
შესაძლო არსებობაზე. ავტორი ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი
არიან, რომ ტერორისტები ადვილად გადაკვეთენ საზღვარს და მოაწყობენ ტერორისტულ თავდასხმებს
მათ რეგიონში. როგორც ავტორი ამბობს, „ქართული სტანდარტებით საზღვარი კარგად არის დაცული.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღვარს ნებისმიერი ადამიანი გადაკვეთს“.
და
ბოლოს - ევროკავშირი, აშშ ან საქართველოს მეზობლები, როგორიცაა თურქეთი, არანაირ ზომებს
არ მიიღებენ, თუ ვითარება გაუარესდება პანკისის ხეობაში. საქართველოს მხოლოდ რუსეთის
დახმარებისა და თანამშრომლობის იმედი უნდა ჰქონდეს ტერორიზმთან ბრძოლაში. 2016 წლის
იანვარში Kavkazoved.info-მ გამოაქვეყნა სიუჟეტი ტერორიზმის საფრთხის შესახებ, რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სიუჟტში განმატავს, რომ ISIS პანკისში თავისუფლად
მოქმედებს. სიუჟეტში ასევე ციტირებულია, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის,
გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ პანკისის ხეობიდან ტერორისტული საფრთხე არ მომდინარეობს. სიუჟეტში ავტორი ამტკიცებს, რომ პანკისის ხეობაში
ვითარება არ არის საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, რაც იწვევს განცდას, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა აუცილებელია. ავტორი, მიხაილ აგაჟანიანი
ამტკიცებს: „საქართველოს შეუძლია რუსეთს დაეყრდნოს ტერორისტული საფრთხის განეიტრალებაში“. აგაჟანიანი
ცდილობს შექმნას ცრუ შთაბეჭდილება არა მხოლოდ პანკისის ხეობაზე, არამედ ზოგადად საქართველოზე.
ჯერ ერთი, განცხადება იმის შესახებ, რომ ISIS პანკისის ხეობაში მოქმედებს, მცდარია
და არასოდეს დადასტურებულა საქართველოს მთავრობისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის
მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები წავიდნენ სირიაში საბრძოლველად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანკისი
არის „ტერორიზმის ბუდე“. მეორეც, თურქეთის სუსტ ანტიტერორისტულ პოლიტიკაზე საუბრისას
ავტორი ქმნის განცდას, რომ მხოლოდ რუსეთი დაეხმარება საქართველოს ტერორისტული საფრთხის
განეიტრალებაში. ის რუსეთს რთულ დროში მხსნელად და ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს
ხელისუფლების ერთადერთ იმედად წარმოაჩენს.
Comments
Post a Comment