გარემოს დანაგვიანება ძალიან დიდი პრობლემაა პანკისში - პრობლემები პანკისში და გამოსავალი


 ერთხელ სადღაც წავიკითხე, რომ პანკისის ხეობა კოხტა ქალივით გაპრანჭული ადგილიაო. 

ულამაზესი ბუნებით, მთებში ჩამალული სოფლებით და რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობით - ქისტების მოვლილი სახლებით, კოხტა ეზოებით და ცხოვრების წესით პანკისის ხეობა სწორედაც, რომ კოხტა გაპრანჭული ქალის ასოციაციას იწვევს.

 ალბათ, ლოგიკურად სწორი იქნებოდა, მოყოლა ხეობის სილამაზესა და ქისტი ხალხის უნიკალურობაზე გამეგრძელებინა, ჩამომეთვალა სათითაოდ ყველა მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ ჩვენთან ადამიანები და რატომ უნდა გაგვიცნონ. 

მაგრამ არა! 
არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქმიან შეხვედრებზე მეგობრები ჩამოვიდნენ ჩვენთან. 
არც ერთი მათგანი არ იყო მანამდე ნამყოფი პანკისში, მაგრამ ჩვენი მონაყოლიდან იცოდნენ ხეობის სილამაზეზსა და თემის შესახებ. 

გადავწყვიტეთ, ქისტური მასპინძლობა გაგვეწია, შევადგინეთ სამი დღის გეგმა, მოვინიშნეთ ხეობის ყველაზე ლამაზი ადგილები და მოკლედ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყველა სტუმარი აღფრთოვანებული და შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი უნდა წასულიყო ხეობიდან! 

შემოდგომით განსაკუთრებით ლამაზია პანკისი.

 ოქტომბერი იდგა, ძალიან კარგი ამინდები, დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი ლოკაციისკენ გავემართეთ და... პანკისის შემოდგომის ფერადი ბუნებით, ხედებით, ჰაერით ტკბობისა და განტვირთვის მაგივრად, ყველამ ერთად მთელი ზაფხულის განმავლობაში “ნაქეიფარი” ნარჩენები ვაგროვეთ.

 რთულია იმის აღწერა,როგორ ვიგრძენით თავი ჩვენ, მასპინძლებმა. 

მეორე დღეს კიდევ უფრო დიდი მონდომებით მოვემზადეთ, ყველაზე ლამაზი ადგილი ავარჩიეთ და წავედით. ამჯერად ჩვენი მეგობრები მომზადებულები მოვიდნენ, პოლიეთილენის პარკებით აღჭურვილები, ადგილზე მისვლისას აღმოვაჩინეთ, რომ სწორად მოიქცნენ, რადგან იქ უარესი სიტუაცია დაგვხვდა.

 რეალურად, ეს ადგილი ყველა პანკისელმა ვიცით, პატარა სავიზიტო ბარათივითაა, ამ პატარა გორაკიდან იშლება ხეობის ულამაზესი ხედი… თუ კი ვინმე ავიდა ამ გორაზე გასულ ზაფხულს, ყველას თავისი კვალი დაეტოვებინა…

 ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ნარჩენების შეგროვებაში გავატარეთ სამი დღე, რომელსაც წესით სულ სხვანაირად უნდა ჩაევლო და რადიკალურად სხვა შედეგის მომცემი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში ხეობის იმიჯისთვის. 
მე თუ მკითხავთ, ერთ ადამიანში შექმნილი დადებითი შთაბეჭდილებაც კი მნიშვნელოვანია დღეს ხეობისთვის. 

გარემოს დანაგვიანება ძალიან დიდი პრობლემაა პანკისში და ამ ფაქტს ამძიმებს ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მას სერიოზულად არ აღიქვამს, პირად მოვალეობად არ მიიჩნევს იმ გარემოს მოფრთხილებას, რომელშიც ცხოვრობს. 
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ ხეობა, სოფლები და სათითაოდ ყველა სახლი “კოხტად გაპრანჭულ ქალს ჰგავს”, იმდენად მოვლილი და სუფთაა.

 დანაგვიანებული, ბინძური გარემო თავისთავად საფრთხეს უქმნის ხეობის იმიჯს, მაშინ როცა პანკისს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს და მოსახლეობა ამ მხრივ ცდილობს განვითარებას. ყველაზე საინტერესო და ამავე დროს გულსატკენია, რომ ნარჩენებით ხეობის გავსების მთავარი წყარო ჩვენ ვართ, პანკისელი ქისტები, რომელთაც ფანატიკური სიყვარული გვაკავშირებს ამ მხარესთან. 

ვფიქრობ,ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. 

მას შემდეგ რაც ჩვენი დიდი სურვილი, მეგობრებზე შთაბეჭდილება მოგვეხდინა ხეობის სილამაზითა და ქისტებით, მარცხით დამთავრდა, წავედით და ჩამოვზიდეთ ნარჩენების გორები იმ ადგილიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლა თუ ახვალთ იგივე სურათი დაგხვდებათ, შეიძლება უარესიც, რომელიც წლიდან წლამდე მასშტაბურ ხასიათს იძენს. 

ერთი რამ ზუსტად ვიცით, ადამიანები არად დაგიდებენ შრომას და მაინც დაყრიან ნარჩენებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ. პრობლემის მოგვარების ყველაზე სწორი გზა საინფორმაციო კამპანიების წამოწყებაშია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე. 

ამ პრობლემაზე დღეს ხეობაში თითქმის არავინ საუბრობს, რატომღაც ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხად იქცა გარემოს დაბინძურება. პრობლემის მოგვარებისკენ სავალ გზაზე წინ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება, მისი წინა პლანზე წამოწევა, აქტუალურ თემად ქცევა და ისეთივე აფიშირება, როგორც მაგალითად სტერეოტიპებთან დაკავშირებული პრობლემის. 

 კონკრეტული ლოკაციების ნარჩენებისგან გაწმენდა პრობლემის მოგვარების ყველაზე სწრაფი და მოკლევადიანი გზაა, ეს პრაქტიკამ უკვე გვაჩვენა. 

ამ ყველაფერზე ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად პატარა მაგალითს მოგიყვანთ, ერთ მშვენიერ დღეს საკმაოდ დიდი ხანი ვუხსნიდი რამდენიმე ზრდასრულ ადამიანს, რომ ბოთლი რომლიდანაც წვენს დალევენ წყალში არ უნდა გადააგდონ, ისინი კი დაბეჯითებით მარწმუნებდნენ რომ ნარჩენის წყალში ჩაგდება იგივეა, რაც სანაგვე ურნაში, არგუმენტით - წყალს მიაქვს მაინც... 

პრინციპში, ისედაც არ არის ძნელი გასარკვევი რაშია გამოსავალი! 



Comments