ინტერვიუ მარხა ნაციშვილთან - როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობამ იცოდეს საკუთარი სამშობლოს ისტორია?



- სალამი, გაგვაცანით თქვენი თავი!

- მოგესალმებით!
მე ვარ მარხა ნაციშვილი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

- თქვენი თემა ძირითადად ეხებოდა სამშობლოს სიყვარულსა და მონატრებას, რას ფიქრობთ, რა განაპირობებს ამ ორი უკანასკნელის სიძლიერეს?

- სამშობლოსადმი ჩემი ასეთი დამოკიდებულება, მეტწილად, ალბათ, განაპირობა იმან, რომ ძალიან მიყვარს პაპაჩემთან საუბარი, რომელსაც, თავის მხრივ, ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ხალხი და ისტორია. ჩვენი ოჯახი ამაყობს საკუთარი წარმომავლობით და შესაბამისად, ცდილობს ეს სიყვარული მომავალ თაობასაც შთააგონოს.

- თქვენი აზრით ახდენს თუარა ზეგავლენას სამშობლოს სიყვარულზე მისი ისტორიის ცოდნა? როგორ?

- საკუთარი სამშობლოს ისტორიის ცოდნა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დიდ ზეგავლენას ახდენს მის სიყვარულზე. შეიძლება, უმრავლესობა არ იზიარებდეს ამ შეხედულებას; მაგრამ, ადამიანს, რომელმაც იცის, რა გადაიტანა მისმა სამშობლომ, როგორი ვაჟკაცი თაობა გაზარდა, როგორ უდრეკად იდგა მტრის წინაშე და ადამიანს, რომელმაც უბრალოდ იცის, რომ მისი სამშობლო კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორისაა, ვფიქრობ, ერთნაირად არ ეყვარებათ თავიანთი სამშობლო.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობამ იცოდეს საკუთარი სამშობლოს ისტორია?

- რამდენად მნიშვნელოვანია, იცოდე “შენი თავის” ისტორია?!

- რა შედეგი შეიძლება მოგვცეს ახალგაზრდებში, სამშობლოს ისტორიისადმი უყურადღებობამ, გრძელვადიან პერსპექტივაში?

- უყურადღებობა, თავის მხრივ, წარმოშობს მივიწყებას, მივიწყება იდენტობის დაკარგვას, იდენტობის დაკარგვა გადაგვარებას -შესაძლებელია, ზედმეტად უხეშად ნათქვამია, თუმცა, სამშობლოს ისტორიისადმი უყურადღებობა არის ის, რასაც პატივმოყვარე ერი არასდროს შეეგუება.

- რა ღონისძიებებს ჩაატარებდით ახალგაზრდებისთვის, რათა მათ უკეთ გაეცნოთ საკუთარი სამშობლოს ისტორია?

- განათლების მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, ალბათ, სკოლებში დავნერგავდი ახალ საგანს (მაგ.:”ვაინახების ისტორია”), თუმცა, თუ რეალობაში გადმოვერთვებით, ალბათ ყურადღებას გავამახვილებდი არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ უფროსების ცოდნის ამაღლებაზეც, რადგან, რეალურად, მშობლები არის ის თაობა, რომელიც ყველაზე მეტს უნდა ესაუბრებოდეს ახალგარზდებს მათ სამშობლოზე.
როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ?
შეიძლება დაიგეგმოს შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ასაკის თაობა. აგრეთვე, დღეს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს სოც.ქსელები, ეს კი ყველაზე მარტივი გზაა ინფორმაციის გადასაცემად (პოსტების თუ ვიდეოების სახით).

- რას ეტყოდით ახალგაზრდებს?

- ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ უნდა იამაყონ თავიანთი სამშობლო(ები)თი ისტორიით, წინაპრებით (თუმცა მათ ეს, ალბათ, თავადაც იციან). მათ აქამდე მოიტანეს იდენტობა, რომლებსაც ჩვენი მშობლები დღესაც ინარჩუნებენ და ჩვენ უნდა ვიყოთ ის თაობა, რომელიც მტკიცედ შეინახავს და დაიცავს მას, თუნდაც სიტყვით, თუნდაც ხელით, თუნდაც ხმლით.

დიდი მადლობა!
წარმატებები!

Comments