სამშობლოს სურნელი მინდა ვიგემო - ჩემი ოცნება


რომ მკითხოთ, რა არის ჩემი ოცნება, რომელიც პანკისს უკავშირდება, ალბათ გიპასუხებთ, რომ სამშობლოსგან ობლობის ტვირთის ჩამოხსნა. 

მამული ჩემთვის სახლთან ასოცირდება, თუმცა ჩვენს, ანუ ქისტების შემთხვევაში ეს თემა ცოტა რთულადაა წარმოდგენილი და უფრო სევდას გვგვრის, ვიდრე იმ ბედნიერებას, რომელიც შენი სამშობლოს მფარველობით და თანადგომით არის გამოწვეული. იმ ასაკიდან, როდესაც გარკვეული საკითხების გათვითცნობიერება დავიწყე, მუდამ მაინტერესებდა როგორი გრძნობაა, იცხოვრო შენს საკუთარ სამშობლოში, რომლის მიწასაც შენი ხალხის სუნი აქვს, თუმცა, სამწუხაროდ, ღმერთმა შექმნა ერი, სახელად "ქისტები" და ზურგზე ობლობის ტვირთი დაადო... სამშობლოსგან ობლობის ტვირთი, ამიტომ, მე "ობოლი" ბავშვივით, რომელსაც დედა თვალით არასდროს უნახავს, სამშობლოს სურნელი მინდა ვიგემო. 

დედის სურნელს ხომ ვერავინ შეგიცვლის, იგივეა სამშობლოს შემთხვევაშიც. რამდენჯერაც არ უნდა დახუჭო თვალი ყველაფერზე და საკუთარ თავს დააჯერო, რომ  სახლში ხარ, სადღაც მაინც გრძნობ, რომ თავს იტყუებ. გულის სიღრმეში სადღაც  მაინც გტკივა და რაღაცის ნაკლებობას განიცდი.

     თუმცა, საქმე საქმეზე რომ დგება არც იმ მიწა-წყლის დათმობა არ გინდა, რომელმაც მფარველობა გაგიწია და საკუთარი კალთა გადმოგაფარა. ეს ალბათ იმ ენით აუღწერელი მადლიერების გრძნობის დამსახურებაა, რომელსაც საქართველოს მიმართ გრძნობ.


საქართველო ჩემთვის მეურვეა...ქვეყანაა, რომელმაც არანაკლებ გამიწია დედისგან დაკლებული მფარველობა. მას თითქმის არ განვურჩევივარ ქართველებისგან, მომცა მოქალაქეობა, სწავლის უფლება, მაგრამ სადღაც ყოველთვის იგრძნობა სისხლით არანათესაობა, სადღაც აუცილებლად ავლენენ გენები თავს. 

რამდენად გულისხმიერი და მზრუნველიც არ უნდა იყოს შენი მეურვე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგეძალება მშობლის გაცნობის, მასთან სიახლოვის სურვილი. გინდათ მონატრება დაარქვით ამას, გინდათ ინტერესი. მე მაინც სისხლის ყივილს დავარქმევდი.

  და მაინც, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, მამული ჩემთვის ერთის მხრივ სახლთან, ხოლო მეორეს მხრივ დაუკმაყოფილებელ ინტერესთან ასოცირდება. ინტერესი, რომელიც წყალივით მწყურია, მაგრამ წყლის წყურვილისგან განსხვავებით დაკმაყოფილება არ უწერია.




Comments