13 წლის ლინდას ფიქრები - წარმოდგენა და რეალობა პანკისზე

 მე ვარ ლინდა მარგოშვილი, 13 წლის, პანკისის ხეობიდან. 

პანკისის ხეობა არის ადგილი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და მინდა, რომ ვიცხოვრო და რომელსაც სამწუხაროდ, სულ სხვანაირად იცნობენ საქართველოშიც კი.

 როგორც იცით, პანკისის ხეობაში დასახლებულნი არიან ,,ვაინახები“, ანუ ქისტები, მაჰმადიანური რელიგიის აღმსარებლები.ასევე აქ ქისტებთან ერთად ცხოვრობენ ფშავლები, თუმცა ხეობა მაინცდამაინც ასოცირდება ქისტებთან, ისინი კი ტერორიზმთან, რატომ?

 ქისტები ხომ გაუნათლებლები არ არიან, მათაც აქვთ მიზნები და მათ მიღწევას ცდილობენ. ისინი არ ცხოვრობენ ოცნებებში. მაშინ რატომ? სადაა პასუხი, დღემდე რომ არ მიმიღია.ეს ჩემთვის და სხვებისთვისაც გაუგებარია. თითქოს უნდათ, რომ ჩვენ დაჩაგრულები ვიყოთ, მაგრამ არ ვიცი რატომ? რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენ სხვანაირები ვართ? ჩვენთან სხვანაირად ცხოვრობენ, ან სხვანაირად აცვიათ? 

პანკისში იციან ღმერთი რომ სიყვარულია, მაგრამ ამას ხან ქისტურად და ხან ქართულად გამოვხატავთ. ამის გამო დაგცინიან ჩვენს ქვეყანაში. ისეთი რამე მეც დამმართნია,მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც თბილისში ვიყავი, ყველას უკვირდა ის ფაქტი, რომ ვიყავი ქისტი და  ძალიან კარგად ვლაპარაკობდი ქართულად. ისინი ალმაცერად მიყურებდნენ, თითქოს არ მოელოდნენ ამას. მათ ასევე უკვირდათ ისიც რომ მეცვა შორტი და შარვალი და მეკითხებოდნენ, თუ რატომ არ მიშლიდნენ ამას, ამბობდნენ, ეგ ხომ თქვენთან დასაშვები არ არისო, მაგრამ იმას ვერ ხვდებოდნენ, რომ ჩვენთან ოჯახებში ყოველთვის ცდილობენ, პატივი სცენ ერთმანეთის აზრს, მაგრამ მთლად ისეც არ ხდება, სულ მთლად ჩემს ნებაზე მიმიშვან, არსებობს ზღვარი, რომელსაც მასწავლიან და რომლის შენარჩუნება ადამიანს უნდა შეეძლოს. ამ ზღვარის გადაბიჯებას ცდილობენ ისინი, ვისაც შესაბამისი ცოდნა, კულტურა, შეგნება არ გააჩნია . ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.

 სული არასდროს არ უნდა იყოს მახინჯი. მაგალითად: ჩემს ოჯახში ისეთი გარემო იქმნება, სადაც თითოეული ხვდება, როდისაა შესაძლებელი ეცვას შორტი, შარვალი და ა. შ. მეც ამას კარგად ვიაზრებ და გავიაზრებ შემდეგშიც. ვიცი ერთი, ვარ ქისტი და საქართველოს მოქალაქე. ეს ასე იქნება ყოველთვის.

 იცოდე რა არის სამართლიანი, გრძნობდე რა არის მშვენიერი, გსურდეს რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.

 ვფიქრობ, რომ ადამიანი არ უნდა განსაჯო რელიგიით და გარეგნობით, რადგან ყველა რელიგიაში შეგვხვდება ცუდი ადამიანები და კარგი ადამიანები.შესაბამისად, ცუდი რელიგია და კულტურა არ არსებობს. 

მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ქისტებს მიიღებენ როგორც ადამიანებს და არა, როგორც მონებს. 

ყველა ადამიანი თანასწორია. ყველა ერთნაირი რელიგიისა და გარეგნობის ვერ იქნება. მთავარია ადამიანმა ადამიანობა იცოდეს. 

არ თქვა რომ ვინმეზე მეტი ხარ რამით! 

არ თქვა რომ ვინმეზე მეტი შექმენი!

 არავინ იცის დრო ვის რად აქცევს! დრონი მეფობენ და არა მეფენი.



Comments