წარმოდგენა და რეალობა გაერთიანდება და ერთ სინამდვილედ იქცევა - წარმოდგენა და რეალობა პანკისზე

ხშირად, ადამიანები რეალობას წარმოდგენით ცვლიან.შემიძლია ვთქვა, რომ პანკისის ხეობა სწორედ ის ეპიცენტრია, რომლის შესახებ ფაქტების დამახინჯებითაც საზოგადოებას წარუდგება რაღაც ბუნდოვანი, გაურკვეველი, ბურუსით მოცული ადგილი და მასში მცხოვრები „საშიში“ ხალხი.

მე, ერთ-ერთი მკვიდრი პანკისის ხეობისა, ვხედავ, თუ როგორ უფრთხიან ჩემს მიწას. მიკვირს იმ წარმოდგენის, რომელიც სრულიად არ შეესაბამება პანკისში არსებულ ვითარებას, როდესაც რეალობა სულ სხვა სახით გვევლინება.

უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ტერიტორია ინახავს მისთვის დამახასიათებელ პრობლემებს, შიდა თუ გარე, ხოლო მკვიდრი მოსახლეობა კი თავისთავად  ექცევა იმ ჩარჩოში, რომელსაც შიში და საფრთხე ქმნის.

ჩვენ, პანკისელები, ისტორიას ოდითგანვე ვახსოვართ, როგორც უდრეკი და საკუთარი იდენტობის, ტრადიიციის შემნახველი ერი, ერი, რომელსაც მუდმივად აკნინებდნენ და დღემდე ვერ ეღირსა სრულყოფილ მშვიდობიან ცხოვრებას.

ძალზედ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ვიღაც სრულიად უცხო პირი ადგება და იტყვის: „პანკისს არ გაეკაროთ!“, „გაეცალეთ ამ ხალხს!“, მაშინ როდესაც მისთვის პანკისი მხოლოდ წარმოდგენაზე დაყრდნობილი სიმართლეა. საინტერესოა, რითაა განპირობებული პანკისის ხეობისთვის ასეთი მტკივნეული სტატუსის მინიჭება? ეს, ალბათ, აიხსნება, იმით, რომ პანკისზე უმეტესად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, ამ საქმის მთავარ ფრონტზე კი დგას მედია, რომელმაც ადამიანებში ჩათესა მხოლოდ შიში და გაუგებრობა.

რომ მკითხოთ იმ წარმოდგენებზე, რომლებსაც ხალხი ჩემი ხეობის მიმართ გამოხატავს, გეტყვით, რომ ეს სრულიად მიუღებელია. ისინი ბრალს გვდებენ ტერორიზმში, ნარკომანიაში, გამიზნულ მკვლელობებსა და ათას შოკისმომგვრელ ცოდვაში.

ნათქვამია, იქამდე ნუ დაიჯერებ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ. გაგონილს დანახული ბევრად ჯობია. ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ აქ ჩამოსული ადამიანები ცვლიან მათ გონებაში არსებულ წარმოდგენებს და ბრუნდებიან სრულიად გაკვირვებულნი იმ რეალობით, რომელსაც ამ ხეობაში აწყდებიან.

თუ ვისაუბრებთ იმ რეალობაზე, რაც პანკისის ხეობაში არსებობს, ვიტყვით, რომ ეს არის ხეობა, რომელიც თავისი მშვენიერებით ნებისმიერ სტუმარს აოცებს. მშვენიერებაში კი შეიძლება ვიგულისხმოთ: სტუმართმოყვარეობა, ტრადიციისადმი მიდრეკილება, კულტურის მაღალფარდოვნება, ადათ-წესების გათვალისწინება და რაც მთავარია მრწამსის შენახვა, იმ მრწამსის, რომელიც ათასობით ქისტს აერთიასნებს.

სიამაყით მევსება გული, როდესაც ჩემს პანკისზე, ჩემს მშობლიურ მიწაზე ვსაუბრობ და მაშინ, როდესაც მიყურებენ, როგორც საფრთხის შემცველ პირს ამ სიამაყეს ტკივილი თან სდევს.

და მაინც, რა არის თითოეული პანკისელის ოცნება? იცხოვროს მშვიდობიან, გალაღებულ და ერთიან მიწაზე, რომელიც თითით საჩვენებელი არ იქნება, როგორც „საშიში ზონა“. მე მწამს, აუცილებლად გათენდება ის დღე, როდესაც წარმოდგენა და რეალობა გაერთიანდება და ერთ სინამდვილედ იქცევა.





Comments