ინტერვიუ მარიამ მარგოშვილთან - ძალიან გთხოვთ ნუ დაყრით ნარჩენებს ბუნებაში!

- სალამი, გაგვაცანით თქვენი თავი

- გამარჯობათ, მე ვარ მარიამ მარგოშვილი, 20 წლის.
ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

- თქვენ მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მთელი ადგილი დაუთმეთ ბუნების დაცვისა და დანაგვიანების საკითხს, თქვენი აზრით ეს უპირველესი პრობლემაა ხეობაში? რატომ?

- მე მგონია რომ, გარემოს დანაგვიანება და ზოგადად ამ საკითხის მიმართ უყურადღებობა, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დღეს ხეობაში.
პრობლემას ამძიმებს ის ფაქტი რომ, იგი სერიოზულად არ აღიქმება, არ ხდება მისი აფიშირება, საუბარი მასზე და შესაბამისად, მოუგვარებელ პრობლემად რჩება. სამწუხაროდ ეს პრობლემა წლიდან-წლამდე მასშტაბურ ხასიათს იძენს.
ყოველი ზაფხულის ბოლოს ნაგვის გორებისგან იწმინდება ხეობის “საქეიფო” ადგილები მოხალისეების მიერ. თუმცა, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სურათი მეორდება.
მოსახლეობა არ არის ინფორმირებული გარემოს დაცვის საკითხებზე, სწორედ ეს არის პრობლემის სათავე.

- სხვა რა პრობლემებს ხედავთ პანკისის ხეობაში?

- მუდმივი პრობლემები ყველასთვის ცნობილია: სტერეოტიპები, ინტეგრაცია, უმუშევრობა.
პირადად მე, როგორც რიგით პანკისელ ახალგაზრდას, სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია ახალგაზრდების აქტიურობა, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სიახლისადმი ინტერესი და მიმღებლობა.

- თქვენი აზრით რა გავლენას ახდენს არსებული პრობლემები ახალგაზრდების განვითარებაზე?

- მოდით არასასიამოვნო სიმართლე ვთქვათ! გარემოს დანაგვიანების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები და უფროსები(მოქეიფეები) არიან!
ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაში არ არსებობს ნაგვის არ დაყრის კულტურა და ეს საერთოდ არ არის ცარიელი სიტყვები!
სწორედ ამ კულტურის არ არსებობის გამოა ნაგვით გატენილი ხეობის თითქმის ყველა ლამაზი ადგილი, სადაც ძირითადად ვიკრიბებით ხოლმე ყველანი.
მეტიც, სხვისი შრომის პატივისცემის ან დაფასების კულტურაც არ გვაქვს, სწორედ ამიტომაა, რომ ათჯერ ჩამოვზიდეთ ნაგვის გორები სხვადასხვა ლოკაციებიდან, ლამის ვემუდარეთ არ დაებინძურებინათ ხელმეორედ, მაგრამ რა?! ერთ თვეში იგივე სიტუაცია გვხვდება.
არ ვიცი რა გავლენას ახდენს ეს პრობლემა იმ ახალგაზრდებზე, ვინც თავად არიან მისი გამომწვევი მიზეზი.
მაგრამ, ზუსტად ვიცი რომ, ახალგაზრდების მეორე ნაწილის მოტივაციაზე ცუდად მოქმედებს.

- რას ფიქრობთ, რა შეუწყობს ხელს, რა აუცილებელი ნაბიჯებია გადასადგმელი ხეობაში ახალგაზრდების მეტი განვითარებისთვის?

- ახალგაზრდების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული აქტივობების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების განხორცილება.

- რას ეტყოდით ახალგაზრდებს?

- ძალიან გთხოვთ ნუ დაყრით ნარჩენებს ბუნებაში.

დიდი მადლობა!
გისურვებთ წარმატებას!

Comments