თემირლანის ხსოვნას


 დღეს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან ოთხი წელი შესრულდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს ღამით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებული სპეცოპერაციისას, სპეცრაზმელის მიერ გასროლილი  საკონტროლო ტყვიის შედეგად კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  განმარტა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს  და პანკისის ხეობაში მცხოვრებ რამდენიმე პირს,  ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან ჰქონდა კავშირი, კერძოდ,  მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა დააორგანიზეს და  თბილისში მათ დაბინავებას შეუწყვეს ხელი, ამიტომ  აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია  განახორციელეს და სპეცოპერაციის მსვლელობისას მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გააქტიურებას, რის გამოც  სპეცრაზმელმა პროპორციული ძალა გამოიყენა და თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით ცეცხლი გახსნა.
ეს ბურუსით მოცული სპეცოპერაცია ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. რისთვის დასჭირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თემირლანის დასაკავებლად ასეთი მასშტაბური ოპერაცია? თემირლანი ჯერ კიდევ ბავშვი იყო,  მითუმეტეს, თემირლანის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც თუ გავითვალისწინებთ მის დაკავებას  1-2 პოლიციელი თავისუფლად შეძლებდა.  რატომ არ შეეძლებოდა  მისი აყვანა  სხვა პირობებში?  თემირლანი თბილისში კოლეჯ „კავკასიონში“ სწავლობდა, სუს-ს მისი აყვანა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თბილისში შეეძლო,ასე ნაკლები ძალისხმევაც დასჭირდებოდა და მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის საშისშროებასაც აიცილებდა თავიდან. უკვე ოთხი წელია გასული მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან, მაგრამ  მთავარი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია: რისთვის დასაჯეს ან რას შეეწირა თემირლან მაჩალიკაშვილი? როგორც ჩანს ეს კითხვა კიდევ დიდი ხანი დარჩება უპასუხოდ. ჩვენ ისღა  დაგვრჩენია, რომ ვივარაუდოთ.  იქნებ იმიტომ, რომ თემირლანი რელიგიით იყო დაინტერესებული და სუს-ს  რელიგიური პირების დაშინება უნდოდა,  შეიძლება ამით სუს-ი მოსხლეობის დაშინებასაც ისახავდა მიზნად.  ან, შესაძლოა, თემირლანის ლიკვიდირებით სუს-ს სხვა უმნიშვნელოვანესი  ფაქტის გადაფარვა და ეფექტურ სტრუქტურად წარმოჩენა სურდა. ეჭვგარეშეა, რომ ამ სახის სპეცოპერაცია მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იყო იმ სირცხვილის შემდეგ, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ტერორისტად გამოცხადებული პიროვნება,ახმედ ჩატაევი,  ჯერ ციხიდან გაანთავისუფლა და შემდეგ სხვა შეიარაღებულ პირებთან ერთად საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა მისცა. ფაქტია, რომ ახმედ ჩატაევი თბილისში თავისუფლად გადაადგილდებოდა და საეჭვოა, რომ სტრუქტურას, რომელიც მთელი მოსახლეობის კონტროლითაა დაკავებული, გამოეპარა თბილისში დაბინავებული  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. 
ოთხი წელი საქმის გამოსაძიებლად საჭიროზე ბევრად მეტია დროა, მაგრამ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. დღესაც კი თემირლანის ოჯახს  მსხვერპლის სტატუსიც  არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ოჯახის წევრის სიცოცხლის  ხელყოფა მოხდა და მეორეს მხრივ,   სპეცოპერაციის ღამეს ოჯახზე განხორციელდა დიდი ზეწოლა და დაირღვა მათი ფუნდამენტური უფლებები. აშკარაა, რომ ეს საქმე პოლიტიკური ხასიათისაა და რეალურად გამოძიება თავიდანვე სახელმწიფო ინსტიტუტის ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე თემირლანის მკვლელობის გამოძიებით. საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ხელყუმბარა 2018 წლის იანვარში, გამოძიების ადრეულ ეტაპზე,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცალმხრივად გაანადგურა, ააფეთქა და ამით გამორიცხა  დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.  ასევე,  საქმის იარაღი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეაკეთა, მისი ძირითადი ნაწილები შეცვალა და ისე გაგზავნა ექსპერტიზაზე. ეს გარემოებიბი ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე , რომ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და სპეცრაზმელმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა  მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. ამიტომ, საეჭვოა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული მტკიცებულებების ავთენტურობა, ისევე როგორც თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოვლენების განვითარების ოფიციალური ვერსია, რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა. ამ საქმეს არ ჰყოლია დამოუკიდებელი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა სპეცრაზმელების ვერსიას და რატომღაც ამ დონის სპეცოპერაცია სუს-მა ჩაატარა ფოტო ან ვიდეო მასალით დაფიქსირების გარეშე შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად აკონტროლებდა პერიმეტრს და 2 საათის განმავლობაში ვერ მოახერხა დაჭრილისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
სამწუხაროდ,  ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია საქმის გამოძიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტის დანაშაულის აღიარების  პოლიტიკური ნება. მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედია ამ  სპეცოპერაციით და მათი ოჯახის წევრის  ლიკვიდაციით არ დასრულებულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ თემირლან მაჩალიკაშვილი შერაცხა ტერორისტად ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.  შემდეგ, შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან ასოცირება დაიწყო სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, მას შემდეგ, რაც მაჩალიკაშვილმა უწყვეტი აქციები დაწყო საქართველოს პარლამენტთან, საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით.  ეს კამპანია დღესაც გრძელდება, ხელისუფლება აგრძელებს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დევნასა და  დისკრედიტაციას. „...ეს ხელისუფლება არის ყრუ და ბრმა ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიის მიმართ. ამ პირობებში ხელისუფლება აგრძელებს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ ემოციურ, საინფორმაციო და სამართლებრივ ომს. სახელმწიფო ყოველ დღე გვანადგურებს ...უკვე შევეგუეთ! არც ერთი წამი შვება, იმედი არავინ გვაჩვენა! 
... საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ამ ქვეყნის შვილი და მოქალაქე ვარ. როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის და ხალხის ერთგული ადამიანი ტერორისტად გამოაცხადონ?!  ... თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? ... მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი, ვინც შვილი მომიკლეს.  ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ...
მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია და არც არასდროს გადავუხვევ! „  (მაჩალიკაშვილი, 2019). 

მოკლე ინტერვიუ თემირლან მაჩალიკაშვილის დასთან, ნატა მაჩალიკაშვილთან.
 - ნატა, 2020 წლის 28 იანვარს მაჩალიკაშვილის საქმე დაიხურა - რა გამოიძია საქართველოს პროკურატურამ?
 - საქართველოს პროკურატურამ გამოიძია   სპეცოპერაციის მსვლელობისას დაშვებული შეცდომები. მედიის წინაშე რაც არ უნდა თქვან, პროკურატურამ აღმოაჩინა როგორ შეეწირა თემირლანის სიცოცხლე  სუს-ის უგუნურობას. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ პროკურატურას არც კი ჰქონია სუს-ის მიერ გასაიდუმლოებულ მასალებზე წვდომა. მაგრამ,საბოლოოდ ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა:  სუს-მა,პროკურატურამ, შსს-მ და ხელისუფლებამ, ერთობლივად დახურეს საქმე. ვერაფრით დაუშვებდნენ საქმის ობიექტურად გამოძიებას.
 - თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ შეჩერდა მათი არჩევანი   თემირლანზე?
 - დავიწყებ იქიდან,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანი, თემირლანის მოკვლა არ იყო. მაგრამ, ამ სისტემის უნიათობამ ჩემი ძმა იმსხვერპლა, თანაც მწარედ! გაირკვა,რომ არ არსებობდა არანაირი გაწერილი გეგმა და ინსტრუქციები. თემირლანი კი არ აირჩიეს,არამედ უნდა აეყვანათ, როგორც სხვა დანარჩენი პირები,რაც ჩვენთან შემთხვევაში ფატალურად დასრულდა. თემირლანს იჭერდნენ მხოლიდ იმიტომ რომ ჩვენი სახლის კარის მეზობლის სტუმრებთან ჰქონდა კავშირი. ჩემი ძმის დღემდე ჩატაევთან დაკავშირება ხომ საერთოდ, დიდ აბსურდია. ვფიქრობ, სახელმწიფოს სალოსის გამზირზე განვითარებული მოვლენები პანკისის ხეობასთან  დაკავშირება სურდა. ორი ვარიანტი არსებობს ან მეზობლის სახლი აერიათ და შეცდომით მოგვიკლეს თემირლანი,ან კიდევ სპეცრაზმელეს გაუვარდა იარაღი,ვინაიდან თემირლანს ტელეფონი ეჭირა ხელში. ამ ყოველივედან გამომდინარე თუ სუსს ერთერთის ლიკვიდაცია ჰქონდათ გეგმაში, ჩემი ძმის, ნამდვილად არა. მე ვფიქრობ სახლი აერიათ ან როგორც ვთქვი,შეეშინდა სპეცრაზმელს... შეეშალათ თუ შეეშინდათ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ჩემი ძმის სისხლი მაგათ კისერზე არ არის. როგორც მკვლელი სპეცრაზმელი, ასევე აპეცოპერაციის ავტორები  მკვლელებად მიმაჩნია! და მკვლელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!
 - თქვენი ვარაუდით, რისთვის დასაჯეს ან რას შეეწირა თქვენი ძმა ?
 - თემირლანი როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე ხელისუფლების არასწორ გეგმებს შეეწირა!  შეეწირა სხვების მიერ ნებით თუ უნებლიეთ გაკეთებულ მავნებელ საქმეებს. თემირლანს და საერთოდ, ჩვენს ოჯახს,არასოდეს, არც სუსთან გვქონია კავში და არც ჩატაევთან მითუმეტეს. კი არ დასაჯეს თემირლანი,ის არასწორი ადამიანების   - არასწორ ქმედებებს შეეწირა სულ არაფრის გამო!
 - ამჟამად, რა ეტაპზეა თემირლანის საქმე, სხვაგან გაასაჩივრეთ ?
 - დიახ, საქმე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა,ანუ ჩვენმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს  სტრასბურგში. ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 23 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება თემირლანის საქმის არსებითი განხილვის შესახებ და მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო. საქმე დღემდე განიხილება ევროპულ სასამართლოში. გრძელვადიანი პროცესია,მაგრამ სხვა რა გზაა,დაველოდებით.
 - შვილმოკლული მამების აქციებზე თქვენი ოჯახი პარლამენტში  საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვდა, მაგრამ ზაზა სარალიძის მოთხოვნისგან განსხვავებით თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი ?
 - მიზეზი იყო ის,რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, პირდაპირ, ნიშნავდა მათი  ჩადენილი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანას. ძალიან მინდოდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია პარლამენტში, დამსხდარიყვნენ, ესაუბრათ და ემსჯელათ სახალხოდ ამ საზარელ საქმეზე.
 - თავიდან არც თქვენს ოჯსახს და არც სახალხო დამცველს თემირლანის საქმის ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტზე  წვდომა არ გქონდათ, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩვენებებზე,  როგორ განვითარდა მოვლენები, ახლა ამ საბუთებზე  წვდომა გაქვთ?
 - დიახ, ჩნევი ადვოკატების ბრძოლის,წვალების  შემდეგ მოგვეცა ჩვენც მნიშვნელოვან დოკუმენტებზე(მათთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებზე) წვდომა. მაშინ,როცა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და განადგურება დაამთავრეს. ...მახსოვს, როგორი სიმწრით ჩავიკითხე ერთ-ერთი სპეცრაზმელის ჩვენება.
 - თემირლანის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების მხრიდან რა იყო იყო ყველაზე მძიმე მოსასმენი თქვენი ოჯახისთვის?
 - ჩვენთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო თემირლანის ტერორიზმთან დაკავშირება,მართალია ამას მხოლოდ ამ ხელისუფლების და მაღალჩინოსნების მიერ დაკვეთით აკეთებდნენ,მაგრამ მაინც მძიმე იყო აგრესიული,შეურაცხმყოფელი
დამოკიდებულება სოციალურ ქსელებში. სამწუხაროდ, ბევრისთვის“სხვისი ჭირი-ღობეს ჩხირია“მაგრამ,არაუშავს,არსებობს  ხალხი,რომელიც  გვერდში გვიდგას.
 - ამდენი წვალებისა და ცილისწამების შემდეგ , ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ,  ბრძოლას აზრი აქვს ?
 - ბრძოლას მაშინ მიეცემოდა აზრი,ამ ყველაფრის მერე თემირლანი რომ დაბრუნებულიყო. მაგრამ,მაინც არ შემიძლია ვთქვა, აზრი არ ჰქონია ჩვენს ბრძოლასთქო. ჩვენ რომ არ გავსულვიყავით აქციებზე,რომ არ გველაპარაკა მედიის წინ, მთელს მსოფლიოს არ გავაგონებდით რაც ჩვენ დაგვმართეს და გვექნებოდა ტერორისტების სახელი, მარტო თემირლანს კი არა ოჯახსაც და პანკისელებსაც. სახლიდან აქციებში,აქციებიდან პროკურატურაში,სასამართლოებიდან სასაფლაოზე სიარულით დავანახეთ რა უსამართლობა სუფევს საქართველოში. დიახ,ბრძოლას აზრი აქვს ამ ხელისუფლების, ამ მკვლელების ჯინაზე.

Comments