როგორ ირჩევენ პანკისელი ახალგაზრდები პროფესიას


"ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?"  ეს  კითხვა  ყველასთვის ბავშვობასთან ასოცირდება, რადგან ხშირად გვიწევდა ამ კითხვსთვის პასუხის გაცემა. ალბათ ბევრს ახსოვს სიტუაცია კლასში, როდესაც ჩვენთვის ნაცნობ კითხვას სვამდა მასწავლებელი, თითქმის უმრავლესობას ამ კითხვაზე საერთო, უკვე დაზეპირებული პასუხი ჰქონდა - ექიმი ან პედაგოგი. მერე რა, რომ ექიმი  მხოლოდ ქირურგიასთან ასოცირდებოდა  და პედაგოგი - ნიშანთან.  დრო გავიდა,  დადგა ის ნანატრი წელი, როდესაც უკვე აბიტურიეტობის სტატუსი  შევიფერეთ. ცხოვებაში პირველად დადგა ის მომენტი, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწტვეტილების მიღება დაგვეკისრა.  ამ  „სირთულის“ გადალახვაც შევძელით და უნივერსიტეტის დამთავრებაც. დღეს, რომ  ვფიქრობ იმ პერიოდზე და ჩემი თანატოლების არჩეულ პროფესიებზე, ვხვდები რამდენად ცუდად მოგვექცა ჩვენი სკოლა და პირველ რიგში, განათლების სისტემა, რომელსაც უკიდურესად  არასწორი მიმართულებით მიჰყავს სკოლა.
 ზოგიერთ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე აქვს გადაწყვეტილი ის თუ, რას სურს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება და პროფესიული განვითარება.  მაგრამ ბევრს საერთოდ  არ აქვს წარმოდგენა  სად ხედავს საკუთარ თავს და რა მიმართულებით სურს განვითარება. წესით, ადამიანები პროფესიის არჩევისას ყველაზე ხშირად  თავიანთი სურვილებზე , მიდრეკილებებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუმცა საქართველოში და განსკუთრებით პატარა, ცენტრისგან ძალიან დაშორებულ პანკისში სხვა კრიტერიუმებით ხდება პროფესიის  არჩევა. ეს, პირველ რიგში, საქართველოს განათლების სისტემის სისუსეტეზე მიანიშნებს, რადგან საქართველოში  ახალგაზრდებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ადრეული ასაკიდანვე მოხდეს მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების გამოვლენა, როგორც ეს ხდება ევროპულ ქვეყნებში. ამასთანავე,   სკოლებში ბავშვებს არ  აქვთ იმის შესაძებლობა, რომ გაეცნონ  სხვადასხვა პროფესიებს და შემდეგ  მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.

საიდან იღებს პანკისელი ახალგაზრდა ინფორმაციას პროფესიების შესახებ? შესანიშნავია  თუ  საკუთარი ინტერსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით  კეთდება არჩევანი, მაგრამ  ასეთი შემთხვევები პანკისში ხშირი არ არის. ძირითადად, ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით, უფროსებისგან, ან თანატოლებისგან იღებენ. ამ საკითხში კომპეტენციის მქონე პირებზე თუ გვაქვს საუბარი, მაშინ  მაქსიმუმ კერძო უნივერსიტეტის იმ წარმომადგენლებისგან მოდის ინფორმაცია, რომლებიც სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აწყობენ მათთან არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამ შეხვედრებზეც ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასა და აკადემიურ მიღწევებზე, ვიდრე კონკრეტულ ფაკულტეტზე. უნივერისტეტებს საკუთარი ინტერესი ამოძრავებთ - აბიტურიენტების მიზიდვა. წესით, განათლების სამინისტროც უნდა ყოფილიყო ამგვარი შეხვედრებით დაინტერესებული, უნივერსიტეტების დაგეგმილი  შეხვედრებისგან განსხვავებით განათლების სამინისტროს დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების მიხედვით პროფესიის განსაზღვრაში უნდა ეხმარებოდეს. 

ბევრი ახალგაზრდა პანკისში პროფესიის არჩევისას  მის პრესტიჟზე ამახვილებს ყურადღებას. დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების  და განსაკუთრებით გარშემომყოფის დამოკიდებულებას. თუმცა,პრაქტიკულად,  არავინ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პროფესიების აქტუალურობა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლება. მაგალითად, 15-20 წლის წინ პრესტიჟულად ითვლებოდა უმაღლესი ტექნიკური განათლების მიღება, განსაკუთრებით ინჟინრის პოზიცია,მაგრამ  სხვა ცვლილებებთან ერთად ამ სფერომაც განიცადა ცვლილება და ინჟინრებზე მოთხოვნა შემცირდა. დღესდღეობოთ,  კომპიუტერული ტექნოლოგიები და ბიზნესი საკმაოდ პოპულარული გახდა პანკისში. ბევრი ირჩევს ამ მიართულებებს, მაგრამ ნაკლებმა ახალგაზრდამ იცის რეალურად რას მოიცავს ეს სფეროები.   ბევრი არჩევანს მხოლოდ მაღალანაზღაურებად პროფესიაზე აჩერებს. თუმცა,   უდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პანკისში მაღალანაზღაურებადი პროფესიაც კი დაბალაანაზღაურებადია. ზოგადად ჩვენი ხეობა დამსაქმებლის სიჭრელით არ  გამოირჩევა.  შესაბამისად, სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამო ახალგაზედები იძულებულნი  ხდებიან  დათანხმდენენ ბევრად უფრო ნაკლებ ანაზღაურებაზე. ზოგიერთი ახალგაზრდისთვის  პროფესიის არჩევის მთავარი მოტივი არის განათლების სიმარტივე. შედიან საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ნაკლები კონკურენციაა იმისთვის, რომ უნივერსიტეტში გამოცდა  მარტივად ჩაბარება  და შემდეგ დიპლომის აღება მოხერხდეს შრომატევადი პროცესი თავიდან აცილებით. ახალგაზრდების ეს კატეგორია პესიმისტურად უყურებს პროფესიულ  მომავალს, რადგან პანკისში განათლებული ახალგზარდების დაახლოებით 80% უმუშევარია.    სხვა ახალგაზრდებისთვის პროფესიის არჩევის მიზეზი მშობლების სურვილს ან  ახლო ნათესავის დასაქმების სფეროს უკავშირდება. ზოგადად საქართველოში დამკვიდრებულ პრაქტიკას პანკისშიც ხშირად ვხვდებით. თუ „პატრონი“ გყავს დასაქამდები და პროფესიასაც „პატრონის“ პროფესიას უთავსებ. ჩვენთან პროფესიის არჩევა ხშირად  ოჯახის ბიუჯეტსა და შემოსავალზეც  არის დამოკიდებული. უსახსრობის გამო აბიტურიენტებს უწევთ ისეთი პროფესიების არჩევა, სადაც ნაკლები გადასახადია ან სახელმწიფო აფინანსებს. ამიტომ გვყავს ხეობაში ბევრი ისტორიკოსი, რომელსაც  დიპლობი თაროზე აქვს გადადებული და არავინ იცის როდის გამოიყენებს ან საერთოდ გამოიყენებს თუ არა.  ყველაზე ხშირად  პანკისში პროფესიას სოფელს უკავშირებენ. რა შეიძლება გააკეთო სოფელში? მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრით, ხეობაში არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ თანამედროვე  აქტუალური პროფესიების შესწავლით ახალგაზრდამ შეძლოს ნორმალურ კომპანიაში დასაქმება. აქედან გამომდინარე ირჩევენ პროფესიას, რომლის შესწავლის შემდეგ სოფელში დასქამება შედარებით მარტივი იქნება. პედაგოგობა  ასეთ პროფესიათაგანია.

პანკისში, რა თქმა უნდა, არსებობენ პროფესიონალი, განათლებული  ახალგაზრდები, რომლებსაც სხვა ადგილას  დამსახურებული და შესაფერისი სტატუსები ექნებოდათ და  ბევრად უკეთეს  პირობებს შეუქმნიდნენ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო. მათი არსებობა ნამდვილად საამაყო და ხსენების ღირსია, რადგან მთელ საქართველოს ცოტა ჰყავს ამ დონის პროფესიონალები. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით პროფესიის შერჩევისა და როგორც უკვე აღვნიშნე განათლების სისტემის უუნარობის გამო, გვაქვს მძიმე სურათი - „დიპლომიანი გაუნათლებლები“ თუ „უსწავლელი პროფესიონალები“,  რაც როგორც პანკისისითვის, ასევე მთელი საქართველოსთვის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. 


Comments