ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა პანკისში



 თავიდანვე ვაქცინაციას პესიმისტურად უყურებდა საზოგადოება.ვაქცინის გამოგონების დღიდან მოყოლებული არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დაავადებების წინააღმდეგ ამ მეთოდით ბრძოლას სხვადასხვა მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია დაეხმარა კაცობრიობას ისეთი ვერაგი დაავადებების განკურნებაში, როგორებიცაა; ტუბერკულიოზი, წითელა, ტეტანუსი, ღორის გრიპი, წითურა, ყბაყურა და სხვა. ეს დაავადებები დღევანდელი გადასახედიდან ჩანს უწყინარი, მაგრამ ამ დაავადებებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ადრეულ წლებში თითოეული მათგანი  მსოფლიოშო მოდებული ეპიდემია იყო.    

საქართველოში ვაქცინის შემოსვლის პროცესი, გარკვეული მიზეზების გამო, საკმაოდ გაჭიანურდა. ამის გამო  პანკისში ვაქცინა შედარებით გვიან ჩამოვიდა. მანამდე მოსახლეობას  აცრის შესაძლებლობა თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში და  ახმეტის ჰოსპიტალში  ჰქონდა. ადრიდანვე, მოსახლეობის დიდი ნაწილი  ნეგატიურად იყო განწყობილი ვაქცინის მიმართ, რასაც დაემატა  ის  სამწუხარო ფაქტი, რომ ასტრა ზენეკას ვაქცინას ემსხვერპლა ახალგაზრდა ექიმი. ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ვაქცინაციის პროცესს. საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტისგან ყოველდღე ისმოდა ვაქცინაციის კრიტიკა. შესაბამისად, ხეობაში გაჩნდა მოსაზრება -  „ აი, იმდენად ცუდია ვაქცინა, რომ თავად ქართველები და მათ შორის მღვდლებიც კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან“. ჭორებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ამ პროცესის მიმართ. ბევრისთვის ვაქცინაცია ჯანმრთელობისთვის საკუთარი ნებით  საფრთხის მიყენებაა.  ყველაზე მეტად ვაქცინაციის პროცესის შეფერხება მოახდინა ხალხში გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ, რომ აცრა   უნაყოფობას იწვევს. ცნობილი ფაქტია, რომ ჩეჩენი ოჯახები მრავალშვილიანობით  გამოირჩევიან, უშვილობას ჩეჩნები განსაკუთრებით სენსიტიურად უყურებენ და  ამის გამო ბევრმა   შეიკავა აცრისგან თავი. ანტივაქსერული მოძრაობების წახალისებაში გამოიკვეთა რუსული პროპაგანდის კვალი. პანდემიამ ცხადყო რუსულ პროპაგანდის მასშტაბები პანკისის ხეობაში.  ამ პროპაგანდის ნაწილია ის კონსპირაციული თეორიაც, რომ ბილ გეითსი აპირებს „მოსახლეობის დაჩიპვას“ და მის მართვას. 

სოციალური მედიის პლატფორმები ინფორმაციის წყაროა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.2020 წელს დომენიკ სტეკულას მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხალხი, რომელიც  ვაქცინების შესახებ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით იღებს უფრო მეტად ხდება დეზინფორმაციის მსხვერპლი და უარს ამბობს ვაქცინაციაზე. სოციალურ მედიაზე  წარმოებულმა  ანტივაქსერულმა მოძრაობამ მოსახლეობაში დათესა შიში და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა. ამასთანავე, ამ კამპანიას ხელს უწყობენ ე.წ. „სასარგებლო იდიოტები“, რომლებიც უნებლიედ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს და ასაღებენ, როგორც მეცნიერულ მტკიცებულებებზე  დაფუძნებულ მასალას. 

 სალაფიტურ თემს ვაქცინაციასთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია არ დაუფიქსირებია. პანკისის იმამსაც ჯერჯერობით ნეიტრალური პოზოცია უკავია, ყველა შემთხვევაში რაიმე სახის მიმართვა არ გაუკეთებია არც ხეობის იმამს და არც რომელიმე შეიხს (სწავლული). აღსანიშნავია 2020 წლის აპრილში პანკისის იმამის, შეიხ აბდულ ქერიმის გაკეთებული მიმართვა, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო პანკისში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს  პარასკევის ლოცვაზე შეკრებისგან გარკვეული დროით თავის შეკავება მოუწოდა. ამავე მიდგომას ვხედავთ სალაფიტური ისლამის სწავლულებშიც. არც  მკვეთრი უკმაყოფილება გამოუთქვია ვინმეს და არც აცრის ჩატარებას მოუწოდებს. ორივე თემის  რელიგიურ სწავლულებს ვთხოვეთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით  პოზიციის დაფიქსირება, თუმცა  მათ განაცხადეს, რომ სამედიცინო განათლების  უქონლობის  გამო ამ თემის განხილვისთვის საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნიათ. 

პანკისში არსებულ კოვიდსიტუაციასა და ვაქცინაციის პროცესზე დიუსის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის  ექიმი გვესაუბრა:

- ამჟამად როგორი ეპიდსიტუაციაა პანკისში?

- დღეის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია ხეობაში დამაკმაყოფილებელია. ერთი პერიოდი ხეობაში ძალიან სწრაფად გავრცელდა ვირუსი, მაგრამ ეს კრიზისული პერიოდი მშვიდად გადავიტანეთ. წინა ტალღებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვმა მოიკლო. შეიძლება ითქვას, რომ ვირუსი  ჩაწყნარდა.  

- რა ეტაპები უნდა გაიაროს პანკისში აცრის მსურველმა?

- აცრის მსურველმა ელექტრონულ პორტალზე, წინასწარ უნდა დაჯავშნოს ვიზიტი და შემდგომ  ეწვიოს ამბულატორიას ან რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრს, ან შეუძლია ნებისმიერ დროს  ადგილზე მივიდეს, იქვე დაჯავშნოს ვიზიტი და დაელოდოს რიგს.  შეზღუდული შესაძლებლობის პირის ან მწოლიარე ავადმყოფის,  შემთხვევაში  ბინაზე გამოძახებით ხდება  აცრის ჩატარება.

- რომელი ვაქცინებია ხელმისაწვდომი და მოსახლეობა რომელ ვაქცინას ანიჭებს უპირატესობას?

- ჩვენთან ამბულატორიაში და რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში ხელმისაწვდომია ჩინური წარმოების ვაქცინები „სინოვაკი“ და „სინოფარმი“.მოსახლეობა უპირატესობას „სინოფარმს“ ანიჭებს. ჩემთვის უცნობია რამ განაპირობა მოსახლეობაში „სინოფარმის“ უპირატესობა.

- როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი?

- შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს. მოსახლეობის აქტიურობა შედარებით დაბალია, მაგრამ,   რაც პირველი აცრის შემდეგ    60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამა ამოქმედდა, აცრის მსურველების რიცხვმა შედარებით მოიმატა. 

- ხეობაში მოსახლეობის რა ნაწილია ვაქცინირებული?  

- მოსახლეობის მცირე ნაწილია აცრილი. ასე, ზუსტი ციფრის დასახელება ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ რაიონებში აცრილ ხალხსაც თუ ჩავთვლით დაახლოებით მოსახლეობის 10-15% იქნება აცრილი.  

- მედპერსონალის რა ნაწილია აცრილი თვქენს კლინიკაში?

- რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის მედპერსონალის დაახლოებით 50%-ია სრულად ვაქცინირებული.

- აცრის მსურველის მხრიდან ვაქცინაციის პროცესი წინასწარ მომზადებას თუ საჭიროებს და აცრილ პირს რაიმე საიხის შეზღუდვას თუ უწესებთ?

- წინასწარ მომზადებას აცრა არ საჭიროებს, უბრალოდ  ასაცრელად მოსულ პირს ალკოჰოლი არ უნდა ჰქონდეს მიღებული. აცრის შემდეგ ორგანიზმი აქტიურდება, რადგან  იმუნური სისტემა სწავლობს ანტისხეულების გამომუშავებას იმისთვის, რომ შემდგომ ვირუსისგან დაიცვას ჩვენი ორგანიზმი. ამ დროს დამახასიათებელია ტემპერატურა, თავის ტკივილი, ინექციის ადგილის ტკივილი, კუნთების ტკივილი. რაიმე სახის ტკივილის შემთხვევაში სტანდარტულ მკურნალობას ვუწესებთ.  ვაქცინირებულ პირს ვურჩევთ 2 კვირის განმავლობაში დაისვენოს და არ დაიტვირთოს თავი. 

- დაფიქსირებულა თუ არა ფატალური შედეგი ან სერიოზული გვერდითი ეფექტი პანკისში?

- აქამდე, არც  ფატალური შედეგი და არც რაიმე სახის სერიოზული გვერდითი მოვლენა  არ დაფიქსირებულა ჩვენს კლინიკაში.

- ვაქცინაციის პროცესში რაიმე სახის პრობლემას აწყდებით?

- არა, არ გვქონია პრობლემა, ჯერჯერობით.

- როგორი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ვაქცინაციის მიმართ?

- მოსახლეობის ვაქცინაციისადმი ნდობის ფაქტორი მცირეა, ძირითადად, უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის ჩატარების მიუხედავად ვირუსი ისევ ხვდება, ამიტომ ხალხი თვლის, რომ აცრის ჩატარებას აზრი არ აქვს.


Comments