ჩეჩნების დასახლება პანკისში

 








ჩეჩნები   საქართველოში თიანეთის  რაიონში, დაახლოებით XVIII საუკუნის შუა ხანებში დასახლდნენ, რეგიონს გარკვეული პერიოდი  "პატარა ქისტეთსაც" უწოდებდნენ. თიანეთის მკვიდრმა ჩეჩნებმა   დიდი ხნის წინ განიცადეს ასიმილაცია.  ბევრმა   არც კი  იცის საკუთარი წარმომავლობა და არც ჩეჩნურ ენას ფლობენ. პანკისის ხეობაში  ჩეჩნები  თითქმის ორი საუკუნის წინ დასახლდნენ, დაახლოებით XIX საუკუნის 30-იან წლებში. XIX საუკუნისთვის პანკისი მოსახლეობისგან დაცარიელებული ადგილი იყო, რადგან დაღესტნელი ლეკები მუდმივად თავს ესხმოდნენ ხეობის მაცხოვრებლებს. ლეკებისთვის პანკისის ხეობა  კორიდორი იყო კახეთზე თავდასასხმელად, ამიტომ ქართული მხარე დაინტერესებული იყო მეომარი ჩეჩნების პანკისში ჩასახლებით. ჩეჩნები, თავადაც კმაყოფილი დარჩნენ ამ მოცემულობით, რადგან  ჭანტი-არღუნის (ქისტების თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილი) ზემო დინების მთიან რეგიონში ცხოვრება ძნელი იყო,  ისინი უკეთეს ადგილებში გადასვლის შესაძლებლობას ეძებდნენ. ამავე დროს მიმდინარეობდა  კავკასიის ომი, როდესაც რუსმა გენერალმა ალექსეი ერმოლოვმა ჩრდილოეთ კავკასიის, მათ შორის ჩეჩნეთის დაპყრობა დაიწყო ჩეჩნები მთებში გადავიდნენ . ამან მიწის საკითხი უფრო გაართულა, რადგან მათთვის საკმარისი  და ნაყოფიერი მიწების არ არსებობა დიდი პრობლემა იყო. ეს ასევე გახდა სტიმული ჩეჩნებისთვის, ეძიათ ნაყოფიერი მიწები. ამრიგად, საქართველოს ხელისუფლებისა და ჩეჩნების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. 

 პირველად, პანკისის ხეობაში ჩავიდა  დერქიზ ჯოყოლა, ჩეჩნურ გვარ მაისტას წინამძღოლი. ჯოყოლა  ხშირ შეტევებს ახორციელებდა თუშებზე. მისი პანკისში  დასახლება თუშებსაც აწყობდათ, რადგან  უფრო ადვილი იქნებოდა მასთან შეთანხმება. ხელისუფლების სახელით ჯოყოლას და მის ხალხს  პანკისში გადასვლა შესთავაზეს. ჯოყოლა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, შემოთავაზებაზე დათანხმდა. მას  წამოჰყვნენ სხვადასხვა გვარების წარმომადგენლები: მელხისტები, მაისტები, დიშნები, ხაჭაროი, ტერლოი, ხილდიეხჰაროი, შიკაროი და ნაშხოი, ხალხი, რომელიც  ცხოვრობდა მდინარე ჭანტი-არგუნის ზემო აუზში.ჯოყოლამ   მეფისნაცვალთან შეთანხმება დადო, რის საფუძველზეც მისი ხახლი გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა: გადასახადებისგან გათავისუფლება, სახელმწიფო კმაყოფილებაზე აყვანა და ა.შ. სამაგიეროდ, ჯოყოლას  მხოლოდ თუშების სასაზღვრო ქართული მიწების დარბევა უნდა  შეეწყვეტა. ორი წლის შემდეგ  სიტუაცია შეიცვალა ამიტომ ჯოყოლა გადაწყვეტს ჩეჩნეთში დაბრუნებას, რადგან ყველაფერი დევნილთა წინააღმდეგ იყო - ხელისუფლებამ დაპირებები არ შეასრულა, ამავე დროს ხეობაში მალარია მძვინვარებდა. საქართველოს ხელისუფლება ჯოყოლას შეჩერებას შეეცადა,  მას გზა ასობით თუშმა  გადაუკეტა და პანკისში დაბრუნება მოითხოვა. მოხდა შეტაკება და ორივე მხარემ იზარალა. შეტაკების შემდეგ ჯოყოლამ შესთავაზა ჩეჩნებს თავად გადაეწყვიტათ ვინ დაბრუნდებოდა მასთან ერთად ჩეჩნეთში და ვინ გადაწყვეტს პანკისში დარჩენას. მასთან ერთად ჩეჩნეთში დაბრუნება  გადაწყვიტეს მისმა თანასოფლელბმა ჩეჩნეთის სოფელ პუგადან, ხოლო მეორე მეზობელი სოფლის ტუგას მცხოვრებლებმა პანკისში დარჩენა გადაწყვიტეს. დღესაც კი ერთ-ერთი სოფელი პანკისში  დერქიზ ჯოყოლას  სახელს ატარებს.  მთიანი ადგილებიდან  ჩამოსული ჩეჩნების  ერთი ნაწილი დასახლდა  დუისში, ომალოში და ჯოყოლოში, ხოლო  სხვა ნაწილმა შექმნა ახალი სოფლები -  ხალაწანი და ბრიკიანი. ასეთი გადანაწილების შემდეგ ჩეჩნებმა საბოლოოდ თავი მოიყარეს ხუთ სოფელში: ბირკიანში, ომალოში, დუისში, ჯოყოლოში და შუა ხალაწანში. პაკისის ხეობის ყველაზე დიდი დასახლებაა სოფელი დუისი, სადაც პანკისის ხეობის მოსახლეობის თითქმის ნახევარი  ცხოვრობს.  მოსახლეობით ყველაზე დიდი სოფელი, დუისი სოფლის პირველი მკვიდრის  დუი დიშნის სახელს ატარებს, სხვადასხვა ცნობებით პანკისში ჩამოსვლამდე დუი ჯერ თუშეთის რაიონში ცხოვრობდა და შემდგ გადავიდა პანკისში.რაც შეეხება ომალოს,  თავიდან სოფელ  ომალოში თუშები და ხიელდიეხჰაროს გვარის წარმომადგენელი ჩეჩნები ერთად ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ თუშები    ვაკეზე გადასახლდებოდნენ, რადგან ომალოში შედარებით რთული იყო ცხოვრება. პანკისში ჩეჩნების გადმოსახლების ზუსტი თარიღო უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს მოხდა 1924 ან 1926 წელს. 

ქართველებსა და ქისტებს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, მათ შორის არ ყოფილა ეთნიკური მტრობა ან შუღლი. ჩეჩნების პანკისის ხეობაში  დასახლების შემდეგ  ეთნიკურად ქართველებით დასახლებული  სოფლის, მატნის მოსახლეობამ ძალიან კარგად მიიღო ახალი  მეზობლები, ისინი  ეხმარებოდნენ შეძლებისდაგვარად და  მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით  გვარად ჩოლოყაშვილებთან. ორივე ეთნოსი პატივს სცემდა  ერთმანეთის რელიგიასა და წეს-ჩვეულებებს. რუსეთის იმპერიის  დანგრევის შემდეგ  ქრისტიანები მხარს უჭერდნენ მენშევიკებს  და დიდ პატივს სცემდნენ  ცნობილი მენშევიკური ლიდერს, თავად ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომელიც მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა აიღეს დამოუკიდებელი საქართველო 1924 წელს, სათავეში ჩაუდგა აჯანყებას ქვეყნის მთიან მხარეში. ქისტები ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად იბრძოდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ მანამ, სანამ   იარაღი არ წაართვეს.

 ჩეჩნებმა  გადმოსახლების შემდეგ შეინარჩუნეს  მამა-პაპური წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ამავდროულად  პანკისში დამკვიდრების შემდეგ  მათ შეისწავლეს  ახალი სამეურნეო პირობები და ქართველებთან თანაცხოვრება. ქართულ მოსახლეობასთან ურთიერთობისა და კავშირის შედეგად ისინი დაეუფლნენ ქართულ ენას, გვარები გაიფორმეს ქართულად, შეისწავლეს ადგილობრივი კულტურა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნებსით თუ უნებლიეთ, მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ მალევე პირვანდელ სარწმუნოებას, ისლამს დაუბრუნდნენ. საქართველოში დაფუძნების შემდეგ ჩეჩნები ქვეყნის მოსახლეობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ, საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესი უშუალოდ აისახა მათ ცხოვრებაზე. ამიტომაც საქართველოს სხვა  მოსახლების მსგავსად, მათაც შეეხო: ეგზეკუცია, გაციმბირება, გაკულაკება და კოლექტივიზაცია და ა.შ.

Comments