პანკისელი ჩეჩნების ეთნიკური იდენტობა

 


პანკისის ხეობა ყველასთვის ქისტებთან ასოცირდება. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, რომ პანკისში ჩეჩნებთან ერთად სხვა ეთნიკური ჯგუფის წევრებიც ცხოვრობენ. პანკისის ხეობაში ქისტებთან ერთად ცხოვრობენ ოსები და რამდენიმე ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფი: ფშავები, წოვა-თუშბი და კახელები. ქისტებსა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ძირითადი განსხვავება ეთნიკური კუთვნილება, ენა და რელიგიაა. ქისტები (ვაინახური ეთნიკური ჯგუფი) საბჭოთა პერიოდში სრულად იყვნენ ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, არ ჰქონდათ ენის ბარიერი, როგორც საქართელოში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმცირესობებს და ხშირად სხვა მრწამსის ან ეროვბნების ადამიანებთან ქმნიდნენ ოჯახებს.

ეთნიკურობა და იდენტობა აგებულია იმ ელემენტებზე, რომლებიც აძლიერებს საზოგადოებას: კულტურა, ისტორიული გამოცდილება, საერთო წარმოშობისა და რწმენის იდეა. ეჭვგარეშეა, რომ ახლა პანკისელი ჩეჩნების იდენტობა ასოცირდება ჩეჩნეთთან, მაგრამ ქისტების ისტორიაში იყო მცირე პერიოდი, როდესაც პანკისელი ჩეჩნების იდენტობის საკითხი ბუნდოვანი იყო. 1866 წელს მოსახლეობას ძალით მიაღებინეს ქრისტიანობა და ყველანი მდინარე ალაზანში მონათლეს (მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა რელიგიის შეცვლაზე). თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ნომინალური ქრისტიანები იყვნენ. მათთვის, 1888 წელს, აშენდა ეკლესიაც(წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი). საბოლოო ჯამში, ეკლესიისა და ხელისუფლების წარუმატებლმა მცდელობამ (იქიდან გამომდინარე, რომ უკვე XX საუკუნეში, ხალხმა დაიწყო ისლამის მიღება) თავისი კვალი დატოვა, რადგან ქართველები და ჩეჩნები იმდენად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ ჩეჩნური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიჩრდილა. პანკისელი ჩეჩნები ქართველ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავდნენ ყველა რელიგიურ თუ სხვა მნიშვნელოვან დღესასწაულებს ამ და სხვა ფაქტორების გამო ქართველებთან ჰქონდათ დიდი დოზით ურთიერთობა, შედეგად ქისტებმა ამ პერიოდში ქართველებისგან შეისწავლეს სხვადასხვა წესები და თავისი წეს-ჩვეულებების ნაწილი დაკარგეს. მაგალითად, ჩეჩნები ადრე მესაქონლეობითა და ნადირობით იყვნენ დაკავებულნი, სასოფლო-სამეურნეო ტრადიციის არარსებობის მიუხედავად, ქართველებისგან შეისწავლეს ეს საქმიანობა. ასევე, დროთა განმავლობაში მეზობლებისგან შეისწავლეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში შრომის დანაწილების ნიმუში, ცნობილია, რომ ასეთ საქმიანობას ჩეჩნებში, ძირითადად, ქალები ეწეოდნენ და ქართველებთან დაახლოების შემდეგ ორივე სქესის წარმომადგენელი ერთად ინაწილებდა სამუშაოს. დღესაც, ქისტებისა და იქვე მოსახლე ქართველების დასაქმების სტრუქტურები პრაქტიკულად აღარ განსხვავდება.

ქართველებთან ყოველდღიური ურთიერთობების მიუხედავად პანკისელი ჩეჩნების იდენტობა ქართველებთან არ ასოცირდებოდა, თითქოს ჩამოყალიბდა სხვა, არ არსებული, ეროვნება ქართველებისა და ჩეჩნების ნაზავი. პანკისელი ჩეჩნების იდენტობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ორი საუკუნის მანძილზე ქისტები პანკისის ხეობაში მცირე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, როგორც საკმაოდ ჩაკეტილი საზოგადოება, რომელსაც სხვადასვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებზე არ მიუწვდებოდა ხელი, ამიტომ არ არსებული ეთნოსის შექმნა და შემდეგ ამის დაჯერება მოსახლეობისთვის შედარებით ადვილი იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ გამოიგონა არ არსებული ეთნიკური ჯგუფი - ქისტები. საბჭოთა პასპორტებში ეთნიკურობის აღმნიშვნელ გრაფაში პანკისელ ჩეჩებს „ქისტი“ ჩაუწრეს, ხოლო გვარებს ტიპიური ქართული დაბოლოებები.

1970-იანი წლებიდან, როდესაც რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, მოსახლეობამ აღმოაჩინა ჩრდილოეთ კავკასია და დაიწყო შრომითი მიგრაცია ჩეჩნეთსა და ინგუშეთში, რადგან იქ უკეთესი ანაზღაურებით დასაქმება შედარებით ადვილი იყო. 1990-იან წლებამდე შრომითი მიგრაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდა. ქისტი მიგრანტები იოლად ინტეგრირდნენ, საერთო ფესვებისა და ენის მქონე, ვაინახურ საზოგადოებაში. ქართული გვარების მიუხედავად, ვაინახურ საზოგადოებასთან მსგავსება უფრო მნიშვნელოვნად გამოიკვეთა.

სიტუცია რადიკალურად შეიცვალა ჩეჩნეთში ომის დაწყების შემდეგ, როდესაომს გამოქცეულმა ლტოლვილებმა პანკისის ხეობას შეაფარეს თავი. მშობლიური ჩეჩნეთიდან ჩამოსული ლტოლვილები ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარ ოჯახებში შეიფარეს და შეიძლება ითქვას, მათგან ხელახლა შეისწავლეს გარკვეული წეს-ჩვეულებები, რომლებიც ქართველებთან თანაცხოვრების პერიოდში შეიცვალა ან შესუსტდა. მაგალითად, ჩეჩნებისთვის მიუღებელია ქალის გათხოვება სხვა ეროვნების და მითუმეტეს, განსხვავებული რელიგიური კუთვნილების მქონე ოჯახში, თუმცა ეს დაუწერელი კანონი, ქისტებში ნელ-ნელა კარგავდა აქტუალურობას, რადგან გოგოები თავად ოჯახების თახმობის გარეშე თხოვდებოდნენ, ძირითადად, ქართველებით დასახლებულ, მეზობელ სოფლებში, მაგრამ ჩეჩენ ლტოლვილებთან ყოველდღიური კონტაქტის დამყარების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ისლამმა პანკისში სწრაფად მოიკიდა ფეხი, გარემეობა შეიცვალა - ახლა უკვე ასეთ შემთხვევებს უფროსებისგან მოთხრობილი ისტორიებიდან თუ მოვისმენთ.

ადათის ინსტიტუტმა დიდი როლი შეასრულა პანკისელი ჩეჩნების იდენტობის შენარჩუნებაში. ადათი, ისტორიულად, უზარმაზარ როლს თამაშობს ქისტურ საზოგადოებაში, რადგან ის დღემდე არეგულირებს პანკისელი ჩეჩნების ცხოვრებას. სხვა ხელშემწყობ ფაქტორებთან ერთად, ეს არის ის ბირთვი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ჩეჩნების კოლექტიური იდენტობის შენარჩუნება.ასევე, საქართველოს მთავრობის პოლიტიკამაც გარკვეული წვლილი შეიტანა, რადგან ეროვნულ უმცირესობები, განსაკუთრებით, გამსახურდიას პერიოდში, დისკრიმინირებულად გრძნობდნენ თავს. ამავდროულად, აფხაზეთის ომში აფხაზთა მხარეზე ჩეჩნების მონაწილეობამ შესამჩნევად შეცვალა ქართველებისა და ქისტების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, გარკვეულწილად ერთმანეთს დააშორა. ჩეჩნეთის ომმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პანკისის ხეობის მცხოვრებლებზე, რომლებსაც საბოლოოდ ჩამოუყალიბდა ჩეჩნური იდენტობა. ამრიგად, ორმა გარე ფაქტორმა - ქართული საზოგადოების მზარდმა ფრაგმენტაციამ ეთნიკური ხაზით და მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნების მზარდმა აქტიურობამ - პანკისელი ჩეჩნების ეთნიკური იდენტობის შენაჩუნებას შეუწყო ხელი.



Comments