პანკისის ხეობის დაცლის პროცესი: მოსახლეობის არჩევანი თუ უკიდურესობა?

























პანკისი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ხეობა ნელ-ნელა იცლება, რადგან
თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა ქვეყანა
დატოვა. ძირითადად, პანკისელები გერმანიაში, დანიაში და საფრნგეთში ცდილობენ
მუდმივი ან დროებითი თავშესაფრის მიღებას. მართალია ეს პროცესი ახალი
დაწყებული არ არის, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, რაც მოსახლეობა მასიურად
ტოვებს საცხოვრებელ ადგილს. ამას დიდწილად ხელი შეუწყო ვიზალიბერალიზაციის
ამოქმედებამ - თუ ოთხი წლის წინ ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოხვედრა დიდ
ფინანსებთან ასოცირდებოდა, დღესდღეობით საზღვრის გადაკვეთის გამარტივებამ
პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქეს „გზა გაუხსნა“, რადგან ყველას
შეუძლია მოგზაურობისთვის საჭირო თანხის მოძიება. პანკისის მოსახლეობის ყოველ
მესამე მოსახლეს სურვილი აქვს ან აპირებს საზღვარგარეთ წასვლას. ზოგადად,
ქვეყნის დატოვების საკითხი აქტუალური თემაა პანკისში და თითქმის ყველა ოჯახში
ეს საკითხი განხილვის საგანია. ზოგჯერ დღეში ხეობას რამდენიმე ოჯახი ტოვებს.
ზოგიერთ ლტოლვილთა ბანაკში პანკისიდან წასული 10-20 ოჯახი ცხოვრობს
ხოლმე. ყველაზე ხშირად ემიგრაციის სურვილს ახალგაზრდები გამოხატავენ,
განსაკუთრებით ახალბედა ოჯახები ან მარტოხელა ბიჭები. ქვეყნის დატოვების
სურვილი უფროსი თაობის წარმომადგენლებს იშვიათად აქვთ, რადგან ვერ ეგუებიან
უცხო ქვეყანას და ახალ წეს-ჩვეულებებს.
მრავალი ფაქტორია, რის გამოც ადამიანები პანკისს ტოვებენ და უკეთესს
საცხოვრებელ პირობებს სხვა ქვეყანაში ეძებენ. ზოგიერთი ადამიანი სამუშაოს
საძიებლად ან განათლების მისაღებან მიდის. ცნობილი ფაქტია, რომ პანკისში
სამუშაო ადგილები პრაქტიკულად არ არის, ხოლო განათლებული უმუშევარი
ახალგაზრდების რიცხვი დღითიდღე იზრდება. მაშინ, როდესაც ბოლოს და ბოლოს
პანკისელმა ახალგაზრდებმა გაათლების მიღება დაიწყეს, გაჩნდა სხვა პრობლემა -
განათლებული ახალგაზრდების დასაქმება. პანკისში განათლებული ბიჭების დიდი
ნაწილი მშენებლობითაა დაკავებული, რომ არაფერი ვთქვათ უმაღლესი განათლების
არ მქონე ახალგაზრდებზე, ხოლო გოგოები იძულებულნი ხდებიან უნივერსიტეტის
დამთავრების შემდეგ სახლში დარჩნენ. ამ უპერსპექტივობამ გამოიწვია ის შედეგი,
რასაც დღეს ვხედავთ - დაცლილი პანკისი. სხვები იძულებულნი არიან გაექცნენ
შევიწროებას ან ადამიანის უფლებების დარღვევებს საქართველოში - არავის უნდა

მსხვერპლად იქცეს ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, ან პოლიტიკური
შეხედულებების გამო. პოლიტიკური დევნილებიც არიან მიგრანტთა შორის,
განსაკუთრებით აქტივისტები, რომლებიც აქტიურად აშუქებდენენ პანკისში
მიმდინარე მოვლენებს და თანამშრომლობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ან მედიასთან. ეკონომიკური სიდუხჭირე მთავარი და ყველაზე
მნიშვნელოვანი მიზეზია ამ ჩამოთვლილთაგან. ხალხს უბრალოდ უჭირს ოჯახების
შენახვა და მიდიან იქ, სადაც შედარებით მარტვია ცხოვრება და შრომა ფასდება.
საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს დაემატა პანდემია.
კოვიდ 19-მა დააჩქარა ემიგრაცია, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე უარყოფითად
აისახა.
საყურადღებოა ის საშიშროება, რაც მიგრაციაში წასვლის შემდეგ ემუქრება ადამიანს.
მოგზაურობა, რომელიც იწყება უკეთესი მომავლის იმედით, შეიძლება დამთავრდეს
სრულიად საპირისპოროდ, რადგან შეიძლება მოულოდნელ ხიფათს გადაეყაროს
ადამიანი. არსებობს იმის საშიშროება, რომ ადამიანები ტრეფიკინგის თუ სხვა სახის
ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდებიან. ზოგიერთი ადამიანი თავს მარტოსულად და
იზოლირებულად გრძნობს, რადგან მათ დაკარგეს ახლობლების მხარდაჭერა. ამ
ყველაფრის შემდეგ კი ფსიქოლოგიურ ტრავმა იჩენს თავს.
ხშირ შემთხვაში „მასპინძელი“ სახელმწიფო რამდენიმე წლის შემდეგ ადეპორტებს
ოჯახებს, ამიტომ სამშობლოში დაბრუნებულ ხალხს უწევს ხელახლა ცხოვრების
დალაგება, რადგან ბევრი ოჯახი უკან დაბრუნებაზე არც კი ფიქრობს, როდესაც
ტოვებს სახელმწიფოს და შესაბამისად დაბრუნების შესაძლებლობას არ
ითვალისწინებს. ყველაზე სამწუხარო ამ ყველაფერში ბავშვების ბედი და მომავალია,
რადგან ეს პირდაპირ მათ მომავალზე აისახება,როდესაც სკოლის მოსწავლე მიდის
საზღვარგარეთ დიდი ხნის განმავლობაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა არ
აქვს და ხშირ შემთხვევაში ამ შესაძლებლობის მიღების შემდეგ უკან აბრუნებენ
საქართველოში, სადაც უკვე იქაურ პროგრამას და თავის თანატოლებს ბევრად
ჩამორჩება. ბავშვებისთვის კატასტროფულია მაშინ, როდესაც მშობლები ხელახლა
გადაწყვეტენ საზღვარგარეთ წასვლას და ამ ყველაფრის ხელმეორედ გამოვლა
უწევთ.
სიტუაციის ასე გაგრძელების შემთხვევაში პანკისში მხოლოდ უფროსი თაობის
წარმომადგენლები დარჩებიან. კარგი იქნებოდა პანკისი აქტუალური არჩევნების

შემდეგაც ყოფილიყო. დროა უკვე ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება
დაინტერესდეს პანკისში არსებული რეალური პრობლემით. წესით ხელისუფლება
მიგრაციის სამართავად ძალას არ უნდა იშურებდეს. მოსახლეობასთან
კოორდინირებულად შესამუშავებელია მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ
პრობლემის აღმოფხვრას.

Comments