"ალალი კაცი"

 




  ქისტი პოეტი, მუხმად ნაციშვილი  ახმეტის რაიონ სოფელ დუისში ცხოვრობს. იგი დაიბადა 1942 წლის  1 იანვარს. მუხმად ნაციშვილმა საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება განვლო. მან ადრეულ ასაკში მამა დაკარგა  და ძალიან რთულ პერიოდში ობლად გაიზარდა.  1941 წელს, მამამისი, ნასიბ ნაციშვილი გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო და უგზოუკვლოდ დაიკარგა  ისე, რომ შვილის ნახვა ვერ მოასწრო. მშობლის დანაკლისი  ღრმად ატყვია მის შემოქმედებას:

„მაგრამ ღმერთო, სად არიან, სით ვეძებოთ,

     ჩვენ მამები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები­?

       მათ ლოდინში დავფრიანდით, დავითოვლეთ,

                                                         გავაცილეთ არაერთი მეგობარიც“

 დედა, ბუჯეი ქავთარაშვილი   16 წლის დაქვრივდა და  სიცოცხლე და ახალგაზრდობა,  შვილს შეალია. ახალი ოჯახის შექმნაზეც უარი თქვა და შვილის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის იღვწოდა. პოეტს  არც ძმა  და არც  ბიძა(მამის მხრიდან) ჰყოლია.   მას ადრეულ  ასაკშივე მოუწია ბავშვობასთან გამომშვიდობება, რადგან ის ოჯახში ერთადერთი ვაჟკაცი იყო და  შესაბამისად,    ოჯახისთვის  უნდა მიეხედა.  დაქვრივებულმა დედამ შვილს დედობაც და მამობაც თავად გაუწია. ამიტომაც, პოეტი  დედისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს:

მე მიძღვენი მამით ობოლს დანისლული, ნორჩი გული,

  დაისრული, დატანჯული, ქმრის ლოდინში გათანგული,

   მუდამ ჩემთვის ანთებული, ჩემს აკვანთან გადმორგული,

                                             მომენატრე, საყვარელო, სად გეძებო დაკარგული.

ბ-ნი მუხმადი პანკისის ხეობის ერთ-ერთი პირველი მკვიდრის,  ჯოყოლა დერქიზანიშვილის,  გვარის  წარმომადგენელია .  ცნობილია, რომ ჯოყოლა  და მისი ხალხი, მაისტის ტომის წარმომადგენლები ჩოლოყაშვილთან მოლაპარაკებების შედეგად დასახლდნენ პანკისში, სოფ. ჯოყოლოში. სწორედ ჯოყოლას მოჰყვა  მუხმად ნაციშვილის ოჯახიც.  ჯოყოლას გვარის  ორი კომლი დასახლდა სოფ. დუისში, მათგან ერთ-ერთი მუხმად ნაციშვილის ოჯახია.  

    ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად  მუხმად ნაციშვილმა შეძლო თვითრეალიზაცია. მან  1960 წელს დაამთავრა დუისის საჯარო სკოლა და ორი წლის შემდეგ სწავლა გააგრძელა "იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში". 1966 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და გახდა  დაწყებითი კლასების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალისტი. სწავლის პარალელურად ბ-ნი მუხმადი დაკავებული იყო სპორტით. როგოც სწავლაში, ისე სპორტშიც მას მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა - თელავის  უცვლელი ჩემპიონი და საქართველოს მრავლაგზის ჩემპიონი ჭიდაობაში.  ასევე, გატაცებული იყო ხელოვნებით და შესანიშნავად  ხატავდა პეიზაჟებსა და პორტრეტებს.

მუხმად ნაციშვილის  კარიერა პედაგოგობას უკავშირდება. მან  მთელი  ცხოვრება სკოლას შესწირა და სწორი ფასეულობებით არაერთი თაობა აღზარდა.  1966-1973 წლებში მუშაობდა სოფ. წინუბნის სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად.  1973-1974 წლებში სოფ. ომალოში და სოფ. მატანში  ასწავლიდა ბავშვებს. 1975-2008 წლებში მუშაობდა სოფ. ქვემო ხალაწნის  დაწყებით სკოლაში, ჯერ დაწყებითი  კლასების მასწავლებლად, შემდეგ გამგე მასწავლებლად. იგი  იყო ღირსეული მშობელი როგორც ღვიძლი 4 შვილისთვის, ისე მიეს მიერ აღზრდილი მრავალი ბავშვისთვის.

ბ-ნ მუხმადს გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული. ის მკითხველს ესაუბრება ლექსებით და  გადმოსცემს საკუთარ წუხილსა და სიყვარულს როგორც სამშობლოს, ისე ოჯახისადმი.  პატრიოტიზმი მისი ერთ-ერთი მთავარი თემატიკაა. ეს არც არის გასაკვირვი, რადგან თავად არის პატრიოტი.   მისი  პატრიოტიზმი თანაბრად ვრცელდება საქართველოსა და ჩეჩნეთზე. პოეტი  უკიდეგანოდ შეყვარებულია ორივე სამშობლოზე, რაზეც მისი პოეზია მოწმობს:

                                             „მე ამაყი ვარ, ბეჭებზე ქისტი, რომ მაწერია,

                                              მე თამამი ვარ, რომ  საქართველო ჩემი კერია“.

                                              ო, რა ბრალია,

                                              თუმცა ალია,

                                              და მოფერება ჩვენი ვალია...

                                             იქით ჩეჩნეთი და ინგუშეთი,

                                             აქ, საქართველო დამილოცია...“.

ზოგადად, ლექსები ქალებზე ყველა  პოეტის შემოქმედებაშია და გასაკვირვი არც იქნებოდა მუხმად ნაციშვილის პოეზიაში ქალის გამოჩენა, რომ არა  ჩეჩნური ტრადიციები და მამაკაცის მაქსიმალური თავშეკავებულობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გრძნობებს ეხება. მუხმად ნაციშვილის  ლექსებში ავტორის ემოციები მკაფიოდ ჩანს. ის   სიყვარულზე  წერას არ უფრთხის და მასზე საუბრობს როგორც უნივერსალურ მოვლენაზე, რამაც  ესთეტიკური და ემოციური თვალსაზრისით სხვა ხიბლი შესძინა მის შემოქმედებას. ბ-ნი მუხმადი სითბოთი და გულწრფელობით მოიხსენიებს ქალსა და მისდამი  საკუთარ დამოკიდებულებას. მისი პატივისცემა დიდია ქალის როგორც სატრფოსა (მეუღლე) და ნათესავის (დედა, და), ისე ქალის როგორც ზოგადად არსების მიმართ:

                                               „ქალი დედა, ქველი,წყნარი, ხან ქარბუქი ქართა ველი

  ქარბორბალა, ტაიფუნი, ხან კი მეცხრე ტალღა მგველი.

                    მიყვარს ქალი შვილთა მზრდელი, ღვთის მოყვარე უბის მცველი,

     შვილთ აკვანთან მგალობელი, სითბო უდევს ულეველი.

                                               ქალი მიყვარს გონიერი, მშვენიერი, გულთამწველი,

    ქმრის მოყვარე, ოჯახური, სულით სრული საკვირველი.

  სულ ერთია:  ქართველია, ხევსური თუ თუშ-ფშაველი,

                                              ქისტი, ოსი, იმერელი, აფხაზია, თუნდ ხეველი“.

დღეს, მუხმად ნაციშვილი დუისში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად.  ცხოვრებისეულმა სირთულეებმა თავისი კვალი დატოვა და   ჯანმრთელობაზე აისახა. პოეტმა თვალისჩინი დაკარგა  და თავისუფლად ვერ ახერხებს საყვარელი საქმის კეთებას და ვერც იმ ძვირფასი პანკისის  დანახვას, რომელზეც უზომოდ არის შეყვარებული.  ყველაფრის მიუხედავად ოჯახის წევრების დახმარებით ისევ აგრძელებს საყვარელ საქმიანობას -  აზრების ფურცელზე გადმოტანაში შვილიშვილები ეხმარებიან.  ამ  რეალობამ პოეტის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და დარდი მის  შემოქმედებაზეც აისახა: 

                                          „დღეს უსინათლო ჭოტად ქცეული,

                                           გალავაჩოვის ვარ წაქცეული...                            

                                           ყროლად ქცეული, ჩალად ქცეული, 

                                           და ცოცხალ ლეშად გადაქცეული.

                                           ო, რა ძნელია, ო, რა ბარალია,

                                           ფუტკრების სკაში არად ქცეული“.

 











Comments