ზელიმხან ხანგოშვილის ხსოვნას



  დღეს  პანკისის ხეობის  ერთ-ერთი გამორჩეული და ძვირფასი  ადამიანის, ზელიმხან ხანგოშვილის  ხსოვნის დღეა. ის  გარდაიცვალა  2019 წლის 23 აგვისტოს. ზელიმხან ხანგოშვილის პიროვნული თვისებები დღესაც კი ახსოვს ხალხს. იგი შეძლებისდაგვარად ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულ ხალხს როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. მისი მთავარი  სამსახური ხალხის დახმარება იყო. ზელიმხან ხანგოშვილი გამოირჩეოდა ინტელექტუალური შესაძლებლობებით და საკუთარ შესაძლებლობებს ყოველთვის   იყენებდა პანკისის ხეობის მაცხორვებლებისთვის საკეთილდღეო საქმის გასაკეთებლად. იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მათი საშუალებით  გაჭირვებულ ხალხს  ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, იმ პერიოდში, როდესაც  პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს ძალიან უჭირდათ.  ხალხს ყოველთვის ახსოვს და არ დაავიწყდა პანკისის ხეობის განვითარებაში მისი გაწეული წვლილი და მისი დაუვიწყარი  სიკეთე ხალხის მიმართ.

 2019 წლის 23 აგვისტოს  ბერლინის ცენტრში,  ტირგარტენის პარკში მოკლეს  იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყოფილი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე  თორნიკე ქავთარაშვილი, იგივე ზელიმხან ხანგოშვილი.  ხანგოშვილი  პარკში იყო, როდესაც მკვლელი ველოსიპედით მიუახლოდა, ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ საკოტროლო ტყვიით  შეასრულა დავალება. ზელიმხან ხანხგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 

  ზელიმხან ხანგოშვილი საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო. ის 2001 წელს შეუერთდა ჩეჩენ მებრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ და მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში, იგი იყო შამილ ბასაევთან და ასლან მასხადოვთან დაახლოებული პირი. ასევე,  ხანგოშვილი იყო „კავკასიის ემირატის“ ემირთან დოქუ უმაროვთან  დაახლოებული პირი. ხანგოშვილი  საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული სპეცოპერაციაში, ლოპოტის ხეობაში ახმედ ჩატაევთან ერთად  აწარმოებდა მოლაპარაკებას. მისი საქმიანობიდან გამომდინარე არ არის გასაკვირვი, რომ  მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.

  რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომისთვის რუსეთმა ჩეჩნეთის გამორჩეულ მებრძოლებზე ნადირობა დაიწყდა ნელ-ნელა ყველა საველე მეთაურს მიადგა.  რამდენიმე წელში იჩქერიას გამოცდილი საველე მეთაურები, ფაქტობრივად, აღარ ჰყავდა, რადგან, ფაქტობრივად, ყველა  მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინეს. რუსული პეცსამსახურების გეგმა შემდეგი იყო  - მათთვის მიუღებელი  პირის მიმართ აღიძვრებოდა საქმე და ცხადდებოდა ძებნა, თუმცა,  მათი სამართალგებაში მიცემის შანსი ნოლს უტოლდებოდა, რადგან არასასურველ პირებს  პირდაპირ ქუჩებში ხოცავდნენ.

  2004 წელს ზელიმხან ხანგოშვილზე რუსეთმა გამოაცხადა ძებნა. მას ბრალი ედებოდა  2002-2004 წლების ინგუშეთის რეიდებში  მკვლელობებსა  და ტერაქტებში. ამ პერიოდში ხანგოშვილმა ფარულად  საქართველოში უვნებლად ჩამოსვლა მოახერხა და  2016 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა.  2016 წლის 28 მაისს თბილისში, საბურთალოზე, ზელიმხან ხანგოშვილს თავს დაესხნენ,  დაჭრეს და  ძლივს  გადაურჩა სიკვდილს.  იმის გამო, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა 2016 წელს ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ბერლინში ისწავლა გერმანული ენა და  გაიარა „ პირადი დაცვის კურსი“.  მას სურდა გერმანიაში საკუთარი დაცვის კომპანიის გახსნა და აქტიურად სწავლობდა ამ საკითხს.

  გერმანიაში გამომძიებლები მუშაობდნენ მკვლელობის პოლიტიკური მოტივების ვერსიაზე და ნატოს რიგი ქვეყნების საიდუმლო სამსახურები არ გამორიცხავდნენ ამ დანაშაულში რუსეთის აგენტების ჩარევას. იმავე მოსაზრებაზე იყვნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც, რომ მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. ზელიმხან ხანგოშვილმა დაცვის თხოვნით მიმართა ბერლინის პოლიციას, მაგრამ მისი მოთხოვნა იგნორირებულ იქნა.

  პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, მის მომზადებაზე პასუხისმგებლობა მესამე პირებს ეკისრებათ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა, სავარაუდოდ, ველოსიპედი და იარაღი უკვე ბერლინში მიიღო. ერთ-ერთმა მოწმემ დაინახა, როგორ დაუტოვეს მკვლელს ელექტრო სკუტერი ერთი დღით ადრე დაკავების ადგილის მახლობლად, ხოლო მეორემ დაინახა, როგორ ელოდა ის თავის მსხვერპლს მოსახერხებელ ადგილას, რაც მოითხოვს ტერიტორიის ცოდნას. საბრალდებო დასკვნაში პროკურატურა ამბობს, რომ ეს მკვლელობა  ჩადენილია სხვა სახელმწიფოს დავალებით და არის თავდასხმა გერმანიის სუვერენიტეტზე და ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე.

  მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის 4 მოქალაქე დააკავეს. ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა 2020 წლის ოქტომბრიდან სპეციალურად დაცულ სასამართლო დარბაზში მიმდინარეობდა. პროკურორებმა გამოძიების ფარგლებში 50-მდე მოწმე დაკითხეს. 2021 წლის ოქტომბერში გამართულ შეხვედრაზე მოწმემ განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული არის რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი.ბერლინის უზენაესმა სასამართლომ რუსი ვადიმ კრასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მოსამართლემ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ აღიარა დანაშაულის განსაკუთრებული სიმძიმე, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდე გათავისუფლებას.

  „რუსეთის ფედერაციის მოტივი იყო შურისძიებაც და  ანგარიშწორებაც. გარდა ამისა, ასეთი დანაშაული უნდა გამხდარიყო საჯარო სიგნალი ... ეს სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო ტერორიზმი“, - ასეთი დასკვნა გააკეთა მოსამართლე ოლაფ არნოლდმა.

 ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობისთვის ძალიან ძვირფასი პიროვნება იყო და ნამდვილად  დიდი დანაკლისია მისი სიკვდილი. სამწუხაროა, რომ პანკისის ხეობას გამოაკლდა ასეთი ღირსეული და გამორჩეული  მამულიშვილი. პანკისის ხეობას ყოველთვის ახსოვს და ემახსოვრება  ზელიმხან ხანგოშვილი და მისი გაკეთებული კეთილი საქმეები.


Comments