არა დისკრიმინაციას! არა მობილიზაციას!

 


  28 სექტემბერს, PANKISI INFO-ს ორგანიზებით, თბილისში, პარლამენტის წინ (შოთა რუსთაველის გამზირზე) გაიმართა აქცია  ჩრდილოეთ კავკასიელების დისკრიმინაციისა და მობილიზაციის  წინააღმდეგ. აქციის მთავარი მიზანი იყო ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულების გაპროტესტება და  იმ ჩრდლოეთ კავკასიელების მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთის მთავრობა იძულებით აგზავნის რუსეთ-უკრაინის ომში. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიელები მხარს არ უჭერენ  უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ე.წ. „სპეცოპერაციას“ და მათი  უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმეგ დაიწყო სრულმაშტაბიანი ომი.  აქცია დაიგეგმა სპონტანურად, ერთი დღით ადრე, შესაბამისად ვერ მოხერხდა დიდი რაოდენობით ხალის მობილიზაცია. აქციაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ჩეჩენმა ახალგაზრდამ,  აქციის მხარდასაჭერად მოვიდნენ ჩერქეზი და ქართველი აქტივისტებიც.   ასევე, აქციაზე იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლები, რომელთა ხელშეწყობითაც  შესაძლებელი გახდა ინფორმაციის ფართო საზოგადოებამდე მიტანა.


  21 სექტემბერს, რუსეთის  პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა.  უკრაინის წინააღმდეგ ომში 300 000 რეზერვისტის  გამოძახება ვლადიმერ პუტინის შესაბამის განკარგულებაზე ხელმოწერის შემდეგ გახდა ცნობილი. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან, უპირველეს ყოვლისა ისინი, ვინც, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და გამოცდილება. რუსეთში მობილიზაციის დაწყების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მეზობელ ქვეყნებთან მანქანების რიგები გაჩნდა და საერთაშორისო ავიაბილეთების ფასები საგრძნობლად გაიზარდა.

 

   ბევრი ჩრდილოეთ კავკასიელი ცდილობს მობილიზაციას თავი სხვა მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის, საქართველოში გაქცევით დააღწიოს. მობილიზაციის გამოცხადების დღიდან რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებზე დაუსრულებელი რიგებია, ხალხის რაოდენობა ყოველ დღე იმატებს. ზოგიერთმა სახელმწიფომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით  საზღვარი ჩაკეტა, მაგრამ საქართველოს საზღვარი ოკუპანტი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ ღიაა. საქართველო-რუსეთის სახმელეთო  საზღვარს, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტს  ყოველდღიურად  რამდენიმე ათასი ეთნიკურად რუსი  კვეთს.  თუმცა,  რატომღაც  დაღესტელებს, ჩეჩნებსა და ინგუშებს არ აძლევდნენ საზღვრის გადმოკვეთის უფლებას, თითქმის ყველას უკან აბრუნებდნენ.  ნეიტრალურ ზონაში ჩარჩენილი 500­-მდე მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ ჩრდილოეთ ოსეთის გავლით საქართველოში მოხვედრას. ბოლო დღეებში ეს ინოფორმაცია გავრცელდა ინტერნეტ სივცეში და  ამ დღეების განმავლობაში პანკისელი ჩეჩენი აქტივისტები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ იქ დარჩენილ ადამიანებს. ხალხის დასახმარებლად გაიხსა ანგარიში და  შეგროვდა თანხა,  ადგილზე  რამდენიმეჯერ ჩაიტანეს ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები. 

  

   მას შემდეგ, რაც ამ პრობლემამ აქტუალურობა შეიძინა და მედია დაინტერესდა ამ საკითხით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საზღვარზე დაიწყეს ზემოთ ჩამოთვლილი ეროვნების წარმომამდგენლების საქართველოში შემოშვება. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა  მოძმე ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ ამჟღავნებს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, მიუხედავად იმისა, რომ  ჩრდილოეთ კავკასია საქართველოს მსგავსად  ოკუპირებულია  რუსეთის მიერ. წესით, საქართველოს მთავრობა ხელს უნდა უწყობდეს  ჩეჩენ და დაღესტნელ ანტირუსულად განწყობილ ხალხს, რადგან ისტორიულად ეს ერები ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ. ამ  ომში რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიელებისა  ქართველების საერთო მტერია.

 




Comments