თანამედროვე სამყაროში
უკრაინამ, 18 ოქტომბერს, პირველმა აღიარა სახელმწიფოს
დამოუკიდებლობა, რომელიც ორჯერ იბრძოდა რუსეთის წინააღმდეეგ და 20 წელზე მეტია ოკუპირებული
რუსეთის მიერ. ეს არის ისტორიული დღე და მოვლენა, პირველ რიგში, იჩქერიისთვის
და შემდეგ მთელ ჩრდილოეთ კავკასიისთვის. უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ცნობს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის
დამოუკიდებლობას და გმობს ჩეჩენი ხალხის გენოციდს. მის მიღებას მხარი 351-დან 287-მა დეპუტატმა დაუჭირა. 64-მა დეპუტატმა
ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის განმარტებით დოკუმენტში აღნიშნულია
თუ რატომ აღიარებს უკრაინა იჩქერიის დამოუკიდებლობას. ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტის მიღება ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერას ჩეჩენი ხალხის დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებისადმი. განმარტებით დოკუმენტში ვკითხულობთ - „გარდა ამისა, მოსკოვის მიერ ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების დაგმობა, მათ შორის გენოციდი, ხელს შეუწყობს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნა - დამნაშავეების დასჯას“.
1990-იან წლებშიც კი, როდესაც
ჩეჩნეთის რესპუბლიკას დეფაქტო დამოუკიდებლობა
ჰქონდა, ის არ იყო აღიარებული გაეროს წევრი ქვეყნების არც ერთი ლეგიტიმური მთავრობის მიერ. 1992 წლის მარტში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა ბრძანებას ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, მაგრამ ამ დროისთვის ის გაქცეული იყო ქვეყნიდან, ხოლო საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ამ დოკუმენტთან არანაირი კავშირი არ აქვს. 2000 წელს იჩქერია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა ავღანეთის თალიბანის უმაღლესმა ლიდერმა (რიგ ქვეყნებში მათი მოძრაობა აღიარებულია ტერორისტულად) მულა მუჰამედ ომარმა. პარალელურად, იჩქერიას ჰყავდა
წარმომადგენლობა სხვა ქვეყნებში და მისი ოფიციალური პირები ხვდებოდნენ სახელმწიფოს მეთაურებს, თუმცა ამ წარმომადგენლობებს არ ჰქონდათ იურიდიული სტატუსი და შეხვედრები, ძირითადად არაფორმალური იყო. 1997 წლის 12 მაისს კრემლში რუსეთის
პრეზიდენტებმა ბორის ელცინმა და ასლან მასხადოვმა ხელი მოაწერეს მშვიდობის ხელშეკრულებას და ურთიერთობების პრინციპებს რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლმა, ფაქტობრივად, იურიდიულად აღიარა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ ჩეჩნეთ-რუსეთის
პირველ ომში მარცხი გადეფარა. შეთანხმება დაირღვა ორი წლის შემდეგ - რუსული ჯარები კვლავ შეიჭრნენ და აიღეს კონტროლი რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. .
უკრაინის უმაღლესი რადამ რეზოლუცია
მიიღო ჩეჩნური დიასპორის მიერ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინის დასაცავად მზადყოფნის დემონსტრაციის ფონზე. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან
უკრაინაში იბრძვიან ჩეჩნური მოხალისეთა ბატალიონები, მათ შორის სამშობლოდან წასული არაღიარებული იჩქერიის მხარდამჭერები.უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იჩქერიის აღიარება იყო ნაბიჯი რუსეთის დეიმპერიალიზაციისა და მის მიერ დაპყრობილი ხალხების დეკოლონიზაციისკენ.
ეს კრემლისთვის
სენსიტიური ფაქტი რუსეთში დიდ განხილვის თემად
არ ქცეულა და არც ჩეჩნეთის მოქმედ „პრეზიდენტს“
არ ჰქონია საკუთარ გამომწერებთან „გულახდილი“ მიმართვა, როგორც აქამდე სხვადასხვა
საკითხებზე ჰქონდა ხოლმე; არც რუსეთის მედიას არ გაუმახვილებია ამ თემაზე განსაკუთრებული
ყურადღება, რადგან ეს საკითხი მხოლოდ ჩეჩნებს არ ეხებათ. ეს ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ხედავს
მოახლოებულ საფრთხეს. რუსეთისთვის სიტუაცია განსაკუთრებით მძაფრია, რუსეთში მობილიზაციის
გამოცხადების გამო, სხვადასხვა რესპუბლიკებში გაღვივებული საპროტესტო ტალღის ფონზე. იჩქერიის მხარდამჭერების
ქმედებებს სხვა სეპარატისტული განწყობის მქონე რესპუბლიკებიც ადევნებენ თვალს და თუ
იჩქერიელებმა დაიწყეს მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა, მაშინ შესაძლებელია სხვა
ხალხებსაც გაუჩნდეთ იჩქეერიის მსგავსად დამოუკიდებლობისთვის
ბრძოლის სურვილი. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიის ერთ სივრცეში მოქცევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.
უკრაინის
მიერ იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარებამ ასიათასობით
ადამიანს მისცა იმედი, რომ შესაძლებელია სამართლიანობის აღდგენა
და საკუთარი სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქის სტატუსის მიღება და იმ უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობა, რომლებიც
ხელმისაწვდომია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.
Comments
Post a Comment