რა ხდის ვაინახებს ერთ-ერთ გამორჩეულ და განსხვავებულ
ხალხად?! ყველა მიზეზის ჩამოსათვლელად, დამეთანხმებით, დიდი დრო დაგვჭირდება, თუმცა არსებობს ის ძირითადი
პრინციპები და შეხედულებები, რაც მათ ასე გამოყოფს სხვა ერებისგან; ხაზს უსვამს მათ
იდენტობას და მოსავს მათ უფრო დიდი პატივისცემით.
ქისტებს
დაუწერელი მორალური კოდექსი აქვთ, რომელშიც უდიდეს ადგილს იკავებს ერთმანეთთან ურთიერთობის
კულტურა. მნიშვნელობა არ აქვს გენდერს, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, არც სოციალურ მდგომარეობას,
როცა საკითხი დგება ადამიანის შეურაცხყოფასა და უპატივცემობაზე, იქ ქისტი კაცის “იაჰ|”* ყოველთვის
დგას მოწოდების სიმაღლეზე.
ბევრისთვის
საამაყო თემაა უფროს-უმცროსის დამოკიდებულება ერთმანეთთან; ის ფაქტი, რომ ქისტებში უფროსი, თუნდაც კაცი, თუნდაც ქალი,
დღემდე დიდად ფასობს, მომავლის ხედვას უფრო ნათელს ხდის. უფროსის აზრს ყოველთვის დიდი
მნიშვნელობა აქვს, მას შეუძლია შენიშვნა მისცეს სრულიად უცნობ ახალგაზრდასაც კი, “უცნობი” კი ვალდებულია მშვიდად მიიღოს და გაითვალისწინოს
მისი სიტყვები. უფროსებს ახლაგაზრდები ყოველთვის
მოწიწებით ეპყრობიან, ღირსეული ახალგაზრდა კი ყოველთვის ფასობს უფროსის თვალში.
ცალკე ხსენებას
და გამოყოფას იმსახურებს ქალის სტატუსი ქისტების ცხოვრებაში. ქალი, როგორც დედა; ქალი,
როგორც და; ქალი,როგორც მეუღლე; ქალი, როგოც შვილი ყოველთვის დაცული და აღიარებულია.
ნამდვილი ქისტი არასოდეს ჩათვლის ღირსეულ საქციელად ქალისადმი უპატივცემულობას. მისი
მრავალკუთხოვანი როლის გამო იყო ალბათ მანდილის ტრადიცია ასეთი მყარი: მანდილის ჩაგდება
ორ ვაჟკაცს შორის და საქმეს გაგრძელება აღარ ეწერა. ასეთი დამოკიდებულება და ურთიერთობა
ჰქონდათ ქისტ კაცებს ქალების მიმართ. ქისტი ქალიც, თავის მხრივ, დიდ პატივს სცემდა
და სცემს ქისტ მამაკაცს, თუნდაც უცხოს. მამის სიტყვა მისთვის კანონია, ქმრისადმი პატივისცემა
კი ღირსების საზომი.
ისლამის
დამკვიდრებასთან ერთად, კიდევ უფრო გაიდგა ფესვები დედ-მამის
დაფასებისა და პატივისცემის ნორმებმა. ამ პერიოდამდე, მშობლების, განსაკუთრებით მამისა
და შვილის ურთიერთობაში გარკვეული მთიური “ყინული” იდგა. მამა ხალხის წინ შვილს არასდროს
აიყვანდა ხელში, მოფერებაზე საუბარიც ხომ ზედმეტი იყო. რელიგიის შემოსვლასთან ერთად,
ეს ტრადიცია შედარებით შერბილდა, თუმცა ის დამოკიდებულება, რომ შვილზე მშობელს თითქმის
აბსოლუტური უფლება აქვს, დღემდე მოდის. შვილისთვის მშობელი ამომავალი წერტილია, საყრდენი
და იმედია.
ქისტების
ურთიერთობა ერთმანეთთან ყოველთვის შესაშური მაგალითი იყო ძმობის, ერთობის და გვერდში
დგომის. ქისტ ყმას სხვა ქისტის გასაჭირი ყოველთვის
გულთან ახლოს მიაქვს და ცდილობს, დაეხმაროს მას გამოსავლის პოვნაში. არ მაქვს საუბარი
სისხლით ნათესავებზე ან მეზობლებზე; ერთმანეთისთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა შესაძლოა,
შეუძლებელი ქნან ერთმანეთისთვის. ამიტომაცაა, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჩვენი
ერი დღემდე არ კარგავს “მეობას”, დღემდე მოგვდევს ერთურთის პატივისცემა, სიყვარული
და დაფასება. ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნებით ჩვენ; სანამ იქნება ის სისხლი, რომელიც
თაობიდან თაობას გადასცემს უდრეკ ხასიათს და შეუპოვარ სულს, ქისტურ სულს.
*იაჰ| (яхь) – ვაინახთა ღირსების კოდექსი. ადამიანს,
რომელზეც ამბობენ “იაჰ| არ გააჩნია” ავტორიტეტდაკარგულად აღიქმება. ეს იგივეა, რაც
მამაკაცზე თქვა, რომ “არაკაცია”. “იაჰ|”-ის მქონე ადამიანი ვაინახურ ეთიკურ ნორმებში სამაგალითო დამისაბაძ პიროვნებად
ითვლება. ვაინახის მიმართ ნათქვამი - “შენ ნამდვილად იაჰ|ის მქონე ხარ” შეიძლება ყველაზე
დიდ საქებარ სიტყვებადაც კი ჩაითვალოს.
1.გამბედაობა,
სიმამაცე 2.სიამაყე 3. ღირსება
Comments
Post a Comment