ჩეჩნური სამზარეულო


 

   ალბათ ყველა ხალხში მოიძებნება ისეთი რამ, რაც მათ მეტ “მომხიბვლელობასა” და განსხვავებულ იერს მატებს. ყველა მრავალსაუკუნოვანი ერი ცდილობს წარმოაჩინოს თუ რაოდენ მრავალწახნაგოვანი და დასაფასებელი ელემენტებისაგან შედგება მათი კულტურა. როდესაც ადამიანები ახდენენ თავიანთი ეროვნების “პრეზენტაციას”, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს კულინარია. კულინარია იდენტობისა და კულტურის წარმოჩენის ერთ-ერთი სანდო და მნიშვნელოვანი ბერკეტია. კულინარიულ ტრადიციას ყოველთვის პატივს სცემენ და მეტიც, ტრადიციული კულინარია ბევრ ქვეყანაში დღითი დღე აღორძინების უფრო მაღალ საფეხურზე ადის.

   რაც შეეხება ჩეჩნურ ტრადიციულ სამზარეულოს, ამ საკითხში მოწინავე ქვეყნებს, სამწუხაროდ, ვერ გავუტოლდებით. სავარაუდოდ, მკაცრმა ჰავამ და არანოყიერმა ნიადაგმა განაპირობა ქისტურ სამზარეულოშიც კერძების მწირი მრავალფეროვნება, თუმცა, როგორც ამბობენ - “მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა”. თუ ერთხელ მაინც ეზიარე ჩეჩნურ სამზარეულოს, განსხვავებული გემო და ემოციები წარუშლელ კვალს ტოვებს მეხსიერებაში.

   ყველაზე პოპულარული კერძის სტატუსს, ალბათ, მაინც იმსახურებს “ჯიჯიგ- გალანიშ”.მისდამი ასეთი “სიმპატიის” მიზეზი, სავარაუდოდ,  კარგად დამუშავებული და გამომშრალი ხორცია, თუმცა გარდა ამ უკანასკნელისა, იყენებენ ქათმის და საქონლის ახალ ხორცსაც. ცომის დამუშავებასაც გარკვეული ტექნიკა და ხელის მოქნილობა სჭირდება, რასაც ქისტი დიასახლისები არაჩვეულებრივად ართმევენ თავს.

  “ ხინგალშ”- ეს არის კერძი, რომელსაც ძალიან სპეციფიკური გემო და ძალიან ნაცნობი სახელი აქვს, თუმცა, ის რადიკალურად განსხვავდება ქართული ხინკლისგან. ამ კერძის მთავარ ინგრედიენტს გოგრა წარმოადგენს. სპეციალურ ცომში ახვევენ მოხარშულ გოგრას, აბრტყელებენ და აცხობენ ღუმელზე დაბალ ტემპერატურაზე. რაც უფრო ნაკლებია მისი სისქე, მით უფრო ფასობს დიასახლისის ხელი.

   ჩეჩნური სამზარეულოს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი წარმომადგენელია ჩეჩნური “ჰევლ” («хьовла»). ის ორი სახის არსებობს: ერთი, რომელიც  პატარა, წვრილი მოგრძო ცომის ნაწილებისგან მზადდება და მეორე, რომელიც ცეცხლზე ფქვილისა და ერბოს ერთმანეთთან ინტენსიური მორევით მიიღება. ორივე შემთხვევაში კარგი შედეგი  და გემო უდავოა.

   აღმსარებლობიდან გამომდინარე ქისტების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა უარს ამბობს ალკოჰოლურ სასმელზე, თუმცა მოიძებნება “ალტერნატივა” - ქისტური უალკოჰოლო ლუდი. ლუდს ყველა ვერ ხარშავს, რადგან საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, ამასთან ერთად, კარგი ლუდის დამზადება ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

  

   კულინარია ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს, მოგონებებს წლების მანძილზე ინახავს და აღვივებს, გვეხმარება ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და აზრთა მიმოცვლაში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ის სიმდიდრე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მოგვდევს და  სიამოვნებას გვანიჭებს ჩვენ და მათ, ვინც ასე გვიყვარს.

   

Comments