სანამ პანკისს ვესტუმრებით

 


    ძნელია საქართველოში იპოვო ვინმე, ვისაც არაფერი სმენია პანკისზე, ან პანკისელებზე. სოციალური მედიის წყალობით ბევრი დამახინჯებული ინფორმაცია და ფაქტი აღწევს არც თუ ისე პატარა მასშტაბის აუდიტორიამდე, რაც, თავისთავად აისახება იმ წარმოდგენაზე, რომელიც საზოგადოებას უყალიბდება ჩვენზე, ქისტებზე.

   საბედნიეროდ, ხალხი მაინც “რისკზე მიდის”, თავისი ფეხით ჩამოდის პანკისში, თავისი თვალით ხედავს ჩვენებურ სამყაროს და სახლში  უკვე თავისი წარმოდგენით ბრუნდება, რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენით; მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს უკიდურესობამდე შორდება. რაც დრო გადის, სტერეოტიპები და სტიგმა უფერულდება, ჩვენ კი ყოველ ჯერზე ვცდილობთ, ნათლად დავანახოთ სხვებს ჩვენი კულტურის განსაკუთრებულობა.

    თუ თქვენ ჩამოხვალთ პანკისში, პირველივე წამიდან იგრძნობთ, თუ როგორ გათბობთ აქაური ატმოსფერო,  ბუნება თავბრუს დაგახვევთ, კავკასიონის მთები კი, თავიანთ მედიდურობაში დარწმუნებულნი, ჰორიზონტს უჩვეულოდ მომხიბვლელად დაგანახებენ. ამ ყველაფერს ასმაგ ხიბლს მატებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ მთების კალთებზე ბინადრობენ. აქ განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარემოს სწორედ ეს ხალხი ქმნის; აქ პირველივე წამიდან გულით გიღებენ, გულით გმასპინძლობენ, ისე, თითქოს ძველი მეგობარი იყო, რომელიც დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდა თავის ადგილს. თქვენდამი მოთხოვნაც შესაბამისი და ღირსეული აქვთ- აფასებთ მათ კულტურას, რელიგიასა და ტრადიციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ კარგავთ ყოველგვარ ნდობას და არ იქნება ხმამაღალი თუ ვიტყვი, რომ  ყოველი ქისტის თვალში უფასურდებით.  ერთმანეთის პატივისცემა აქ სხვანაირად იციან, სხვა საფეხურზეა აყვანილი. ვერც ქუჩაში და ვერც სახლში ვერ გაიგებთ უტაქტო საუბარს და უხამს სიტყვებს. ურთიერთობის და ზოგადად, “მოქცევის”  ტრადიციები და რელიგია ისეთ ჰარმონიას ქმნის, იშვიათად რომ გექნებათ ნანახი. ამით ამაყი ქისტები კი თავიანთ ყოველ ნაბიჯში მკაფიოდ გადმოგცემენ ამ განსაკუთრებულობას.

    და ბოლოს… თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენთან ნამყოფი, იცოდეთ, რომ აქ მოსაღწევად თქვენ არ გჭირდებათ არც პასპორტი და არც ID, მითუმეტეს  არც საზღვრის გადმოკვეთა, არც Google translate- და არც ჯავშანი. ჩვენთანაც სწავლობენ, თამაშობენ, აფასებენ, შრომობენ, უყვართ, სწყინთ, მოსწონთ… ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩცენ არ ვართ შორს.  


Comments