ნათელი წერტილი ანუ რამადანი

 


   


 “ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენს უწინარეს იყო, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისგან.”

   XXI საუკუნეში ის აზრი, რომ მარხვა, რომელსაც ჩვენ, მუსლიმები ვიცავთ, თავის არსში ბევრ მეცნიერულ სასწაულს და დიდ მორალური და სულიერი განვითარების პოტენციალს ინახავს, უკვე ერთგვარ აქსიომად იქცა. ბევრი კვლევა ჩატარდა, ბევრი ითქვა, ბევრიც დაიწერა…ბევრ არამუსლიმურ საზოგადოებაში შეინიშნება 16 და 18 საათიანი მარხვის ტენდენცია, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირდაპირპროპორციულად აუმჯობესებს. თუმცა, ჩვენი მიზანი თავის თავში ბევრად უფრო მასშტაბურია.

   პანკისში მარხვას მოსახლეობის უმეტესობა იცავს. რამადანს ყველა მოუთმენლად ელის, ყველა ელის რაღაც ახალს, ყველა ეძებს იმედს. მორწმუნეები  ღვთისმსახურებას ათმაგად დროს უთმობენ, გულის, გონების, სხეულის და ენის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ საქმეს ახმარენ. მარხვა მხოლოდ შიმშილი როდია… ეს მოწყალებაა და ამის მაგალითებს ხეობაში ყოველდღე ვხვდებით. ადამიანები ერთმანეთს ყველაზე ხშირად სწორედ რამადანის თვეში უღიმიანი, ადამიანები ყველაზე მეტად სწორედ რამადანის თვეში ეხმარებიან ერთმანეთს, ნათესავისა და სრულიად უცხო ადამიანის განსხვავება იშვიათად ხდება. ჩვენ გვწამს, რომ სიკეთე არ იკარგება, განსაკუთრებით რამადანის თვეში.

   ოჯახური შეკრებები რამადანის თვის  ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ნაწილია, ისეთი ადამიანების გარემოში ყოფნა, რომლებთანაც საერთო მდგომარეობა, მიზნები, ემოციები და სურვილები გაკავშირებს, დამეთანხმებით, რომ ძალზე სასიამოვნოა. ხაზგასასმელი ფაქტია რამადანის თვეში ქალების როლი და მნიშვნელობა; ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ ისინი გმირები არიან მედლების გარეშე. “სუსტი სქესის წარმომადგენელი” დღის განმავლობაში უამრავ საქმეს რომ აკეთებს, ყველაზე ზრუნავს, დღის ბოლოს ყველას შიმშილს რომ უკლავს და ამ ყოველივეს მარხვის ფონზე ეჭიდება , ვფიქრობ ორმაგი დაფასების ღირსია.


   ძალიან ბევრ თვალისთვის და გულისთვის სასიამოვნო სურათს წააწყდებით ამ თვეს პანკისში: იმას, თუ როგორი სავსეა მეჩეთები, როგორ დგანან ერთად მუსლიმი ძმები და დები და ღვთისმსახურებას აღავლენენ, როგორ ხსნიან მარხვას ერთად და ერთი მთლიანობის მაგალითს ასახავენ.

   30 დღის შემდეგ კი დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ შენი ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობა ახალ საფეხურზე ავიდა.

   რამადანის დამთავრების შემდგომ დღესასწაულს ‘იდ ალ-ფიტრი ეწოდება. ის სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ეს დღე ძალიან ბედნიერი და ამავდროულად ძალიან მოწყენილია- ყველაზე დიდი მოწყალების მატარებელი თვე დამთავრდა. ‘იდ ალ-ფიტრის აღნიშვნა ყველა ოჯახში ხდება. წინა ღამით იწყება ერთმანეთისთვის მილოცვა, ადამიანები ერთმანეთს უსურვებენ, რომ ღმერთმა მათი დუა (ვედრება) და ღვთისმსახურება მიიღოს, ღამის ცას ფეიერვერკები ანათებენ, ახალგაზრდები მანქანებით დიდ მსვლელობას აწყობენ.

მეორე დღეს, ადრე დილით მეჩეთში კოლექტიური ლოცვა ტარდება, შემდეგ კი პირადად მილოცვის დრო დგება, ყველა ოჯახში დიდი სუფრაა გაშლილი და სტუმარს სტუმარზე იღებენ. ასე გრძელდება სამი დღე…სამი დღე,  მანამ, სანამ ცხოვრება კვლავ ჩვეულ რიტმს და ჩვეულ ერთფეროვნებას დაუბრუნდება.


Comments