ახალგაზრდების პანკისური საგა

 

 


  პანკისში მოსახლეობის ასაკობრივი დიაპაზონი წლის სეზონების მიხედვით იცვლება.  თუმცა, თითქმის ყოველთვის მის უმრავლესობას მაინც ახალგაზრდები შეადგენენ. მათი რაოდენობის მაჩვენებელი, ალბათ, უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა სხვადასხვა მიზეზით იძულებული მიგრაცია, რაც, დამეთანხმებით, მხოლოდ ხეობისთვის არ წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას.

    რაც შეეხებათ ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სკოლის დამთავრების შემდეგ უმრავლესობა ძირითადად თბილისისა და თელავის უმაღლეს სასწავლებელში ან კოლეჯში აგრძელებს განვითარების გზას. მშობლიურ ხეობას ხშირად სტუმრობენ და არაქისტ თანაკურსელებსაც აცნობენ მას. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ კი მათ უწევთ არჩევანის გაკეთება რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შორის: დაბრუნდნენ ხეობაში, სადაც დასაქმების პერსპექტივა საკმაოდ დაბალია; დარჩნენ თბილისში და იპოვონ სასურველი  სამუშაო ადგილი; წავიდნენ უცხოეთში ან გააგრძელონ სწავლა შემდეგ საფეხურზე. ბიჭების “არჩევანი”, ძირითადად,  უცხოეთში მიგრაციაზე ჩერდება, გოგონების უმრავლესობა კი პანკისს უბრუნდება.

   გასართობი თუ შემეცნებითი ადგილების სიმრავლით ხეობა, სამწუხაროდ, ვერ დაიკვეხნის. ბოლო პერიოდში გაიხსნა რამდენიმე კაფე-რესტორანი, რაც შედარებით ამსუბუქებს ზემოთხსენებული ფაქტის სიმძაფრეს. სიამოვნების მომნიჭებელ ერთ-ერთ  ყველაზე დიდ და გამოკვეთილ ფაქტორს, ალბათ, მაინც წარმოადგენს პანკისის ბუნება. დასასვენებლად და საპიკნიკედ  გამოყოფილია ისეთი  ადგილები, საიდანაც გამორჩეულად ლამაზი ხედები იშლება. ზაფხულობით ახალგაზრდების და არამხოლოდ ახალგაზრდების თავშეყრის მთავარ ლოკაციებს სწორედ მსგავსი ადგილები წარმოადგენს.

   სპორტს ხეობაში საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ. მრავალი წელია, რაც სპორტდარბაზში ძიუდოისტების რეგულარული ვარჯიში მიმდინარეობს. ასევე, ზაფხულობით იმართება საფეხბურთო ტურნირები ხეობის მასშტაბით. რიყეზე ხშირად შეხვდებით ახალგაზრდების ჯგუფებს, რომლებიც ფრენბურთის თამაშით ირთობენ თავს.  ცხენები ბევრი პანკისელის ძლიერ მხარეს წარმოადგენენ, ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ ხშირ-ხშირად იმართება დოღი, გამარჯვებული კი სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდება.

   თუმცა… ზაფხული პანკისში ყველაზე მეტად მაინც ალაზანთან ასოცირდება… ალაზანთან და ახალგაზრდობასთან. ვინ იცის, რამდენს მოუსინჯავს თავისი ძალები, რამდენს დაუმტკიცებია ამხანაგებისთვის თავისი გამბედაობა მედიდურ ალაზანთან შერკინებით.

   ბევრს აღარ გავაგრძლებ და ვიტყვი, რომ ახალგაზრდების გასართობ და დროის სასიამოვნოდ გასატარებელ რესურსებს, ძირითადად, თავად ახალგაზრდები ქმნიან. ისინი სწავლობენ, მუშაობენ ფიზიკურად თუ გონებრივად, ერთმანეთს ეხმარებიან, სპორტს მისდევენ, შრომობენ და ოჯახებსაც ქმნიან. ზოგი თავის მომავალს თითქმის დამოუკიდებლად ქმნის, თუმცა დიდია მშობლის მხარდაჭერა და გვერდში დგომაც. ბევრი ხეობაში აგრძელებს ცხოვრებას, ბევრი კი საზღვარგარეთ მიდის ოჯახთან ერთად, თუმცა წლების შემდეგ თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ უბრუნდება თავის მიწას, თავის პანკისს.  

Comments