დელა, სიელა და სხვანი…

 


   


   ვაინახებს ძალიან საინტერესო და სტრატეგიულად ხელსაყრელი გეოგრაფიული ტერიტორია უკავიათ მსოფლიო რუკაზე; ამ ფაქტს კი დადებით მხარეებთან ერთად ახლავს ის გარემოება, რომ საუკუნეების მანძილზე ძალიან ბევრი ერი და დამპყრობელი ცდილობდა მოექცია ისინი საკუთარ ჩარჩოებში, რაც ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტერიტორიულ დამოკიდებულებას, არამედ რელიგიურ აზროვნებასაც.  

   ძველ ვაინახებზე დიდი იყო ირანელთა, არაბთა თუ ხაზართა ზეგავლენა, თუმცა ქართული, როგორც მეზობელი ქვეყნის კულტურის ზეგავლენა, თავისთავად, ჭარბობდა. XI-XII საუკუნეებში  საქართველოს ტერიტორიული გაფართოების პროპორციულად ქართველი მეფეები ავრცელებდნენ ქრისტიანობასაც.  წარმართი ვაინახებიც იღებდნენ ქრისტიანობას, თუმცა ზეგავლენის შემცირების შემდეგ კვლავ უბრუნდებოდნენ თავიანთ ძველ “ღმერთებს”. 

   სხვადასხვა შემორჩენილი წყაროები ნათლად მეტყველებენ ვაინახების წარმართული რელიგიის სირთულეზე. მათ სწამდათ იმის, რაც მათთვის უხილავი და მიუწვდომელი იყო; ბერძნების მსგავსად თავიანთ რწმენაში ქმნიდნენ ღმერთებს, რომელთაც ადამიანის თვისებებსაც ანიჭებდნენ. მთავარ ღმერთს, განმგებელს “დელა” ერქვა. მათი რწმენით “დელამ” შექმნა ადამიანი: მარჯვენა ხელის აღმოსავლეთისკენ გაშვერით გააჩინა მამაკაცი, ხოლო მარცხენა ხელის დასავლეთისკენ გაშვერით- ქალი და მათ ცოლ-ქმრობა უწინასწარმეტყველა. დელა იყო ყველა დიდი და  მნიშვნელოვანი თხოვნის “ადრესატიც”.          

   ძველი ვაინახები ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ “სიელა”-ს - ჭექა-ქუხილის ღმერთს.  თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “დელა”-ს სახელი ვაინახებში დღემდე შემორჩენილია და დღეს ის როგორც ალლაჰის ერთ-ერთ აღმნიშვნელ სინონიმად გამოიყენება. ქისტეთში ხშირია პატარა სვეტისმაგვარი სალოცავები, რომელთაც “სიელნიგს” უწოდებენ. სოფლის შესასვლელში სიელნიგის  ნიშებში ანთებულ სანთლებს დგამდნენ. აქ ხვდებოდნენ სტუმარს და  აცილებდნენ მიმავალ მგზავრს. სიელნიგს ასევე დგამდნენ სასაფლაოს შესასვლელთანაც. სიტყვა “სიელ” ვაინახებში დღესაც ფართო გამოყენებას პოვებს: სიელ ხეშგ (სიელას მუგუზალი)- მეხი, სიელ 1ად (სიელას მშვილდი)- ცისარტყელა

   ვაინახები ასევე ეთაყვანებოდნენ “მიათცელის”, რომელიც მიწათმოქმედების მფარველად მიიჩნეოდა. ის იყო ოჯახისთვის ბარაქისა და დოვლათის მიმნიჭებელი. ის ღმერთად მიაჩნდათ არა მხოლოდ ქისტებს, ჩეჩნებსა და ინგუშებს, არამედ ოსებსაც. ისინი “მათლამ” მთაზე ადიოდნენ, სადაც სამი სალოცავი იდგა: სუსონ-დელა, მიათერ- დელა და მიათცელი ( ზღვის დონიდან 3008 მ სიმაღლეზე).. თითქმის XIX საუკუნის მიწურულამდე აქ ივნისის თვეში, კვირა დღეს დიდძალი ხალხი იყრიდა თავს და თაყვანს სცემდა აღნიშნულ ღმერთებს. 

   ამ შეკრების დროს ქურუმი და უხუცესები სანთლებს ანთებდნენ და ხალხის მიერ სალოცავზე მიტანილ სურსათ-სანოვაგეს დალოცავდნენ. შემდეგი პროცესი იყო მსხვერპლშეწირვა. ლოცვის შესრულების შემდეგ ქურუმი და ორი მოხუცი კლავდა საქონელს. ხორცი იქვე იხარშებოდა დიდ ქვაბებში, აწყობდნენ სუფრას, რომელსაც სპეციალურად გამოყოფილი ახალგაზრდები- “შუნი დეი” მეთვალყურეობდნენ და საჭმლის გადანაწილებაზე აგებდნენ პასუხს. ეს დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

   ვაინახების წარმოდგენაში არსებობდა ქალღმერთიც, გაზაფხულის ქალღმერთი- თუშოლი, რომელსაც უკავშირებდნენ ბუნების აღორძინებას და ნაყოფიერებას. ამ პერიოდში მთაში მოფრინდებოდა ოფოფი- “თუშოლი ქუათამ” (თუშოლის ქათამი), რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ კლავდნენ.

   მთაში თითქმის ყველა სოფელს გააჩნდა თავისი სალოცავი. გვარები და ოჯახებიც კი აგებდნენ თავიანთთვის ცალკე სალოცავებს “ელგიცის”. დროთა განმავლობაში ვაინახების რწმენა-წარმოდგენები შეიცვალა. მათმა რელიგიამ და მსოფლმხედველობამ პოლითეიზმიდან მონოთეიზმში გადაინაცვლა, ძველმა ტაძრებმა და სალოცავებმა კი, რომლებიც დღემდე შემორჩენილია კავკასიის ტერიტორიაზე,  კულტურული და ისტორიული ნაშთის სტატუსი პოვეს. 

Comments